ახალი ამბები

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაზრდაზე

14 მარტი, 2024 • 2005
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაზრდაზე

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს სომხეთის სურვილს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაზრდასთან დაკავშირებით.

როგორც ევროკავშირში სომხეთის ელჩი ტიგრან  ბალაიანი X-ზე  წერს, რეზოლუციას მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

„ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს ევროკავშირს წევრი გახდეს იმ პირობით, რომ ის იცავს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს და კანონის უზენაესობას.

[ევროპარლამენტი] მიიჩნევს, რომ თუ სომხეთი დაინტერესებული იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და განაგრძობს რეფორმების გზას მისი დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის, ამან შეიძლება შექმნას საფუძველი ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებში ტრანსფორმაციული ეტაპისთვის.

[ევროპარლამენტი] მოუწოდებს კომისიას და საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთის სურვილს, გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, ხალხთა შორის კონტაქტების, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანაა. რამდენიმე დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანას განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი