ახალი ამბები

ღაზაში დროებითი პორტის მოსაწყობად აშშ-მ სამხედრო გემი და აღჭურვილობა გაგზავნა

10 მარტი, 2024 • 997
ღაზაში დროებითი პორტის მოსაწყობად აშშ-მ სამხედრო გემი და აღჭურვილობა გაგზავნა

ღაზის სანაპიროზე დროებითი პორტის მოსაწყობად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდი საჭირო აღჭურვილობით გაგზავნა.

როგორც BBC წერს, ხომალდი სახელწოდებით გენერალი ფრენკ ს. ბესონი ახლო აღმოსავლეთისკენ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანებით გაემართა და მიზნად ისახავს დროებითი პორტის მოწყობას, რომლის მეშვეობითაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ზღვიდან შეტანა გახდება შესაძლებელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხომალდი ბაიდენის ბრძანებიდან 36 საათზე ნაკლებ დროში გაიგზავნა. პენტაგონი აღნიშნავს, რომ რომ დროებითი პორტის მშენებლობას 60 დღემდე დასჭირდება.

7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.

ამასთან, გაეროს ცნობით, ღაზის სექტორში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირაა, ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 300 000 პალესტინელს ხელი არ მიუწვდება საკმარის საკვებსა და სასმელ წყალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი