პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოიკვლია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და ის გამოწვევები, რაც ამ სფეროში არსებობს. თემატური მოკვლევის მიზანი იყო მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და მისი თანმხლები გამოწვევების გააანალიზება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ა.შ.
“მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმამ დადებითი ეფექტი იქონია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე: დაიწყო ალტერნატიული სერვისების შემუშავება, დინამიკაში გაიზარდა სერვისებზე წვდომის გეოგრაფიული არეალი და მათი დაფინანსება.
დღემდე რჩება გამოწვევები სხვადასხვა კუთხით, რომლებიც ითხოვს რეაგირებას. მათ შორისაა: დაფინანსების მოდელი; საკადრო რესურსები; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა; სერვისების თანმიმდევრულობა, უწყვეტობა და ხარისხი; რეფერირების სისტემისა და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ერთიანი მართვის სისტემის დახვეწა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს შორის დასახელდა დაფინანსების ნაკლებობა. ანგარიშს მიხედვით არსებული დაფინანსების დიდი წილი იხარჯება მოზრდილთა და ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებაზე, რაც მეტწილად სამკურნალო პროცესს გულისხმობს. რეაბილიტაციას მინიმალური რესურსი ეთმობა. არ არსებობს არანაირი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მკურნალობის შემდგომ ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციას.
დაფინანსებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის აღსანიშნავია სადაზღვევო კომპანიების მიდგომა: უმრავლესობა ფსიქიატრიულ სერვისებს გამონაკლის კატეგორიას მიაკუთვნებს და არ აფინანსებს. კერძო სადაზღვევო კომპანიები ნაკლებად მონაწილეობენ ფსიქიკური სერვისების დაფინანსებაში.
პრობლემურია საწოლფონდის რაოდენობა. ანგარიშის მიხედვით, შეზღუდული რესურსების გამო პაციენტებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა სტაციონარულ სერვისებზე და უწევთ ლოდინი. ფსიქიატრიულ საწოლებს იკავებენ ის პაციენტები, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო. ხშირად ოჯახის წევრები უარს აცხადებენ პაციენტთა მიღებაზე.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას სახელმწიფო კლინიკებში, ვიდრე კერძოებში. სტაციონარული ცენტრების ნაწილში ფიქსირდება არაჰიგიენური, ღირსების შემლახველი და ანტისანიტარიული პირობები. მულტიპროფილურ კლინიკებში კი ჩვეულებრივ არ არის ინტეგრირებული ფსიქიატრიული განყოფილებები.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აფერხებს სახელმწიფო ტენდერის გამოცხადების წესი კლინიკებისთვის: ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროში იწელება, რაც უარყოფითად აისახება სამუშაო პროცესზე.
ქვეყანაში არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მწვავედ დგას სფეროში ახალგაზრდების მოზიდვის საკითხი. დეფიციტის მთავარ ფაქტორებად განიხილება არასაკმარისი დაფინანსება და რთული სამუშაო პირობები
“სამედიცინო პერსონალი საჭიროებს გადამზადებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პაციენტებთან კომუნიკაცია, პაციენტის უფლებები, ინფორმირება დიაგნოზის შესახებ და მედიკამენტთა შერჩევა; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს უმეტესად მოძველებული სქემებით მკურნალობენ და სამედიცინო პერსონალი არ იყენებს თანამედროვე მიდგომებს; ჰოსპიტალიზაციის გამოცდილების მქონე პირები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამედიცინო პერსონალის “არასენსიტიური” დამოკიდებულება, მათ შორის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შევიწროება და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხელშეშლა”, – ვკითხულობთ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
მოკვლევისას დადგინდა, რომ სტაციონარი, კრიზისული ინტერვენციის სამსახური, ამბულატორია თუ მობილური გუნდი არაკოორდინირებულად მუშაობენ და ხშირია სერვისების გადაფარვა.
გარდა ამისა, ფარმაცევტულ ბაზარზე პერიოდულად იქმნება მედიკამენტთა დეფიციტი. უფრო მეტიც, ეფექტიანი მედიკამენტების ნაწილი, რომელთა გამოყენებაც პროგრესულ შედეგს იძლევა გარკვეული ფსიქიკური აშლილობების მართვაში, ბაზარზე საერთოდ არ არსებობს. ჯანდაცვის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, მოძველებულია მედიკამენტთა დაფინანსების სქემა და საჭიროებს დროულ განახლებას.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორისაა სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მაგალითად, სერვისების მიღება უმეტესად დიდ ქალაქებშია შესაძლებელი, რეგიონებში – ნაკლებად. გადაადგილების რესურსი დიდ ტვირთად აწვება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ოჯახებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობების, ლგბტქი+ თემის წევრებისა და ნარკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. სოციალური სტიგმის შიშისა გამო, ამ ჯგუფებს ურჩევნიათ, არ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით, რადგან არ ელიან, რომ დაცული იქნება მათი პირადი ინფორმაცია.
ორმაგი დიაგნოზის – ნარკოლოგია და ფსიქიატრია – მქონე პაციენტებს გადამისამართების პრობლემა აქვთ და ხშირად დგებიან რომელიმე სერვისის არჩევანის წინაშე.
“ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ცვლის პაციენტის ოჯახის წევრებისა და გარემოცვის დამოკიდებულებებს. ამას ოჯახი გამოხატავს დიაგნოზის ტაბუირების სურვილით, ხოლო სოციუმი დისკრიმინაციული მოპყრობის წახალისებით; ჰოსპიტალიზაციის გამოცდილება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებში ასოცირდება სოციალურ მოწყვლადობასთან, რადგან ისინი არ არიან დაზღვეულნი ღირსების შემლახველი მოპყრობისგან; პაციენტთა დიდი ნაწილი ეგუება საკუთარ მდგომარეობას და უფლებათა დარღვევის შემთხვევაში თავს იკავებს რეაგირებისგან. შეგუების მთავარი მიზეზია უფლებრივი გარანტიების არარსებობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტის მიხევდით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ქალებს, რადგან მათ არ მიეწოდებათ ინფორმაცია რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე. ქალები საუბრობენ სექსუალური შევიწროების გაზრდილ რისკებზეც.
კვლევაში საუბარია პრევენციულ ღონისძიებებსა და ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებზე, ასევე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევის ღონისძიებებსა და ფსიქოგანათლებაზე. დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი საჭიროებები საერთოდ არ არის ინტეგრირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებში.

მოკვლევა 2023 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. დოკუმენტზე მუშაობდნენ დეპუტატები – ანა წითლიძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, სალომე ჯინჯოლავა, ირმა ზავრადაშვილი და გიორგი გოდაბრელიძე. ანგარიშის პრეზენტაცია პარლამენტში 11 მარტს გაიმართა.
