ახალი ამბებიხელოვნება

12-17 მარტი: ადგილები, სადაც წასვლას გირჩევთ

11 მარტი, 2024 • 2388
12-17 მარტი: ადგილები, სადაც წასვლას გირჩევთ

„ნეტგაზეთი” გირჩევთ ადგილებს, სადაც 12-17 მარტს შეძლებთ წასვლას:

  • „სიყვარულის რეცეპტი” – 12-17 მარტი. კინოთეატრები: ამირანი და კავეა სითი მოლი. დასაწყისი: 19:00, 22:00, 22:15.

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩან ან ჰუნგის ფილმი, რომელიც ქართულ კინოეკრანებზე „სიყვარულის რეცეპტის” სახელით გამოვიდა, ორიგინალიდან კი შეგვიძლია, როგორც „დოდენ ბუფანის ვნებად” ვთარგმნოთ, უთუოდ უნდა ნახოთ. ცნობილი მზარეული დოდენ ბუფანი დამხმარესთან (ჟულიეტ ბინოში), რომელიც მისი მთავარი საყრდენია (როგორც პროფესიაში, ისე ცხოვრებაში), ერთად ამზადებს და ხვეწს კერძებს. „ვნება” ზუსტი შესატყვისია იმ პროცესისა, რომელიც მის სამზარეულოში ტრიალებს – ეს არ არის გატაცება, არც საქმე, ეს არის ვნება, გემოს სრულყოფილების, შესაძლებლობების სრულყოფილებამდე მიყვანის და კეთების დაუოკებელი ვნება, რომელიც სამზარეულოში მყოფ ორ ადამიანს შორის სწორედ კეთების პროცესით ზიარდება.

ჩან ან ჰუნგის ხედვაც (!) ვნებაა კადრის, კინოს და კამერის მიმართ. აუჩქარებელი, გაუპრანჭავი, მოურიდებელი ვნება, რომელსაც განგრძობითად მიჰყვება და სიამოვნებას იღებს პროცესით. აქ ვერ ნახავთ განსხვავებულ ანდაც რევოლუციურ სიუჟეტს, მაგრამ ნახავთ ოსტატობასა და ვნებას, რომელიც ყველა სიუჟეტურ ხაზს დაჩრდილავს.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.

  • 13 მარტი – „ბერსერკები II: მზიანი მხარე”. „ქალაქის თეატრი” – დასაწყისი 20:00.

ბერსერკების თავგადასავალი გრძელდება „ქალაქის თეატრში”. ჰაინერ მიულერის შემდეგ გიორგი ჯამბურია ქართული ლიტერატურის მივიწყებულ ხმას, ქეთი ნიჟარაძეს დაუბრუნდა. 4-საათიანი სპექტაკლი, თქვენთვის ერთგვარ გამოცდად შეიძლება იქცეს, ნანახი და უნახავი ხერხების ერთობად, რომელიც ერთმანეთში აირევა და ბოლოს სრულად შეიძლება დაკარგოს საზრისი.

ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების (ვრცელი და არც ისე ვრცელი) პარალელური, ტექსტთან ახლოს მისული თხრობა გაგიტაცებთ და გზაში შეიძლება დაგკარგოთ. არც აქ დარჩებით ჰაინერ მიულერის ტექსტის გარეშე. მოკლედ, ბერსერკების მეორე ნაწილი იქნება ახალი გამოცდილება, რომელიც შეგიძლიათ „ქალაქის თეატრში” შეიძინოთ, თუმცა, განსხვავებული და შეიძლება მიუღებელიც.

„ბერსკერკებზე” შეგიძლიათ წაიკითხოთ საუბარი გიორგი ჯამბურიასთან„ახლისკენ სვლა უნდა წამოვიდეს პროტესტისგან”

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ და აქ.

  • „კუნგ ფუ პანდა 4″ – 12-17 მარტი. საქართველოს კინოთეატრები.

ყველასათვის საყვარელი კუნგ ფუს ოსტატი პანდა, პო, კინოთეატრებს უბრუნდება. ამჯერად მას, როგორც მშვიდობის ველის სულიერ ლიდერს, მოუწევს იპოვოს ახალი დრაკონის მებრძოლი, რომელსაც გაწვრთნის. თუმცა ამის პარალელურად, ბოროტი ჯადოქარი გეგმავს, კლავ გამოიძახოს სულების სამყაროში ყველა ბოროტმოქმედი, რომელიც პომ უკვე დაამარცხა.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.

  • „გოიას ჩრდილი – ჟან-კლოდ კარიერი” – 16 მარტი. კინოთეატრი ამირანი დარბაზი 4 – დასაწყისი: 19:30.

უკვე დიდი ხანია, ამირანის კინოთეატრში ფეხი მოიკიდა პროგრამამ – Event Cinema, სადაც მაყურებელს საშუალება ეძლევა, დიდ ეკრანზე ნახოს ცნობილი საოპერო და საბალეტო დადგმები, დოკუმენტური ფილმები,  ასევე – საყვარელი მუსიკოსების კონცერტებიც. ამჯერად მაყურებელს საშუალება ექნება, დიდ ეკრანზე იხილოს ჟან ლუი ლოპეს-ლინარესის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი სცენარისტის, ჟან-კლოდ კარიერის მიერ დანახულ ფრანსისკო გოიას შესახებ. სცენარისტი კვალდაკვალ მიჰყვება ერთ-ერთი მთავარი ესპანელი მხატვრის ნახატებს, განიხილავს და იკვლევს მათ.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.

„შავი ფრინველი” – 14,16, 17 მარტი. „თეატრი ათონელზე” – დასაწყისი – 20:00

თანამედროვე შოტლანდიელი დრამატურგის დევიდ ჰაროუერის პიესა „შავი ფრინველი” პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე.

უნას და პიტერს ერთმანეთთან წარსული ურთიერთობა აკავშირებთ. 15 წლის შემდეგ უნა საწარმოში აკითხავს პიტერს, ნელ-ნელა აშკარავდება ამბავი, რომელიც მათ წლების წინ გადახდათ. რატომ მიდის წლების შემდეგ უნა პიტერთან და რა ამოძრავებს მას, ამის გაგებას 14, 16 და 17 მარტს „ათონელის თეატრში” შეძლებთ.

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

ბილეთები შეიძინეთ – აქ და აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი