ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება

11 მარტი, 2024 •
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება. ხოლო ზურან აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ზურაბ აბაშიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ დათანხმდა ჩემს შეთავაზებას ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ამ თანამდებობას დაიკავებს გიორგი ქაჯაია, რომელიც წლების მანძილზე იყო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დღეიდან ის იქნება უკვე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ქაჯაიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო
და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობა. ისე ასევე იყო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩეველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი