ახალი ამბები

დოპინგში ბრალდებულმა სიმონა ჰალეპმა სასამართლო დავა მოიგო

9 მარტი, 2024 •
დოპინგში ბრალდებულმა სიმონა ჰალეპმა სასამართლო დავა მოიგო

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დოპინგის მიღებაში მისი უდანაშაულობის დადგენის შემდეგ, კორტს უბრუნდება. იგი ითამაშებს „მაიამის ღია პირველობაზე”, რომელიც 20 მარტს დაიწყება. ჰალეპმა ტურნირისგან მიიღო ე.წ. ველური ბარათი (Wild Card), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩოგბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აღარ აქვს სარეიტინგო ქულები, პირველ შეხვედრას პირდაპირ მთავარ ბადეში ითამაშებს.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ სიმონა ჰალეპი უდანაშაულოდ ცნო. განაჩენი კი, რომელიც 2022 წლის ოქტობერში მიიღეს და ჩოგბურთელის 4-წლიან დისკვალიფიკაციას გულისხმობდა – გაუქმდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Simona Halep (@simonahalep)

„მოხარული ვარ, გითხრათ, რომ დავუბრუნდები ქალთა ჩოგბურთის ტურს ორ კვირაში, „მაიამის ღია პირველობაზე” ! მადლობა ტურნირს ამ შესაძლებლობისთვის, მოუთმენლად ველი, როდის დავუბრუნდები კორტს და ასპარეზობას”, – წერს სიმონა ჰალეპი თავის ინსტაგრამზე.

ყოფილი პირველი ჩოგანი სპორტს 2022 წლის აგვისტოდან ჩამოშორდა, როდესაც დოპინგ ტესტმა მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების, „როქსადუსტატის” (Roxadustat) არსებობა დაადასტურა. ეს მოხდა 2022 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, როდესაც ჰალეპი პირველ წრეში უკრაინელ დარია სნიგურთან დამარცხდა. ორი თვის შემდეგ კი სპორტსმენს ორთვიანი დროებითი დისკვალიფიკაცია მისცეს.

მალევე ანტიდოპინგის წესის დარღვევისთვის ჰალეპს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია განესაზღვრა „ჩოგბურთის საერთაშორისო კეთილსინდისიერების სააგენტოს” მიერ.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის გასაჩივრების შემდეგ განიხილეს სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტი (ამ დოკუმენტში ინახება სპორტსმენის ყველა წინა დოპინგ ტესტის პასუხი) და ჰალეპის შემთხვევა „უმნიშვნელო შეცდომად” აღიარეს.  საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალული ნივთიერება „როქსადუსტატი” (Roxadustat) ორგანიზმში არაპირდაპირი გზით მოხვდა.

ჰალეპი  17-თვიანი დავის მანძილზე უცვლელად ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი თავის ინსტაგრამზე დაწერა ვრცელი პოსტი, რომელიც ასე დაასრულა – ერთი სული მაქვს, როდის გადავშლი ამ ფურცელს და დავუბრუნდები კორტს ახალი სუნთქვითა და ძალებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი