ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი საფრანგეთს, რომელიც სომხეთს ეხმარება, ისლამოფობიაში ადანაშაულებს

8 მარტი, 2024 • 1492
ალიევი საფრანგეთს, რომელიც სომხეთს ეხმარება, ისლამოფობიაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს” განაცხადა, რომ საფრანგეთი ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.

“საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს” ,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი “სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

“ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და მუსლიმი მოქალაქეების შევიწროებას”, – განაცხადა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე ილჰამ ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 2023 წლის 21 ნოემბერს ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით “დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება”, განაცხადა, რომ საფრანგეთი სომხეთს ამარაგებს იარაღით, რითაც “ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას, სომხეთში რევანშისტულ ძალებს აძლევს გასაქანს და ჩვენს რეგიონში ახალი ომების გაჩაღების ნიადაგს ამზადებს”.

ალიევმა ისაუბრა “საფრანგეთის კოლონიზაციის ახალ და თანამედროვე მეთოდებზე” და თქვა, რომ ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება.

ალიევი ამბობს, რომ “საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ საკუთარ ყოფილ და ამჟამინდელ კოლონიებში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც სეპარატისტულ ტენდენციებს უჭერს მხარს”.

სომხეთ-აზერბაიჯანის ყველა დაპირისპირებისა თუ საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთმა ღიად დაუჭირა მხარი სომხეთს, რითაც მუდმივად იწვევდა ბაქოს კრიტიკას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი