ახალი ამბები

მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნა იოჰანსონი, ითარგმნება როგორც გუდუნა ივანიშვილი — ისლანდიის პრეზიდენტი

5 მარტი, 2024 • 2993
მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნა იოჰანსონი, ითარგმნება როგორც გუდუნა ივანიშვილი — ისლანდიის პრეზიდენტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანსონმა გაიხსენა მისი პირველი შეხვედრა ქართველებთან. მისი თქმით, 1990 წელს ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სადაც ქართველი სტუდენტები ჰყავდა. გუდნი იოჰანსონის თქმით, მათთან შეხვედრის შემდეგ მისი ოცნება იყო საქართველოში ჩამოსვლა.

“მახსოვს, როცა პირველად შევხვდი ქართველ მეგობრებს, მათ მითხრეს, რომ ჩემი სახელი, გუდნი იოჰანსონი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მე მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომდევნო დღეების განმავლობაში. მე მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მომეცემა საშუალება ქვეყნის დათვალიერების. მე ყოველთვის მოვუწოდებ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დიპლომატებს, რომ გავიდნენ დედაქალაქს გარეთ.

ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ დღეს საქართველოშია. ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მასწავლეს კიდევ ფრაზა, რომელიც არასდროს დამავიწყდება: მე შენ მიყვარხარ. მადლობა საქართველოს და ქართველებს მასპინძლობისთვის”, – განაცხადა იოჰანსონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დასასრულს.

გუდნი იოჰანსონი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს, 4 მარტს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. გარდა ამისა, იოჰანსონი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე-პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას შეხვდება

გუდნი იოჰანსონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი