ახალი ამბები

უკრაინული დაზვერვა: განადგურებულია რუსეთის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“

5 მარტი, 2024 • 1005
უკრაინული დაზვერვა: განადგურებულია რუსეთის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის თავდასხმის შედეგად განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს რუსული ხომალდი ყირიმში, ქერჩის სრუტესთან ახლოს იმყოფებოდა. 

რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ღამით აფეთქებების შემდეგ გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ქერჩის ხიდი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმთან 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, გემს დაუზიანდა უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები. როგორც ისინი აცხადებენ, განადგურებული ხომალდის ღირებულება 65 მილიონ დოლარს შეადგენს. 

სერგეი კოტოვს 2023 წლის სექტემბერშიც დაეჯახა საზღვაო დრონი, სხვა საპატრულო გემთან, ვასილ ბიკოვთან ერთად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ გემებმა შეძლეს შეტევის მოგერიება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი