ახალი ამბები

პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი გავხდე

29 თებერვალი, 2024 • 1159
პრეზიდენტი: არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი გავხდე

„მე არ ვაპირებ, ოპოზიციის ლიდერი ვიყო“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე.

ზურაბიშვილის თქმით, ზოგიერთებს სურთ, მან ეს როლი იკისროს.

„არ მგონია, ეს მართებული გადაწყვეტილება იყოს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, კოალიციური მმართველობაა. პრეზიდენტის აზრით, ეს დაასრულებდა ოლიგარქიზაციასაც და პოლარიზაციასაც ქვეყანაში.

პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ ამ ეტაპზე მმართველ გუნდს არ აქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და ამომრჩეველი არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ემხრობა. უდიდეს უმრავლესობას, 50%-ს, ზურაბიშვილის თქმით, არცერთი მათგანი არ მოსწონს და ელოდება, დარჩენილი ოპოზიცია თუ შეძლებს ერთად მოქმედებას.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთ სიაში უნდა გაერთიანდნენ, ეს არარეალისტურია და ცუდია მომავალი მულტიპარტიულობისთვის, მაგრამ მათ უნდა შეძლონ საზოგადოებას წარუდგინონ გამარჯვების ფორმულა. ეს მათი საქმეა, ჩემი საქმეა, მათ ვუთხრა, რომ უნდა გაერთიანდნენ არა ერთმანეთთან, არამედ ევროპული პლატფორმის ირგვლივ და ეს არჩევნები აქციონ ევროპის შესახებ“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი