ახალი ამბები

„თუ გინდათ პუტინის დამარცხება, ნუ იქნებით მოსაწყენი“ — ნავალნაია ევროპარლამენტს

28 თებერვალი, 2024 • 792
„თუ გინდათ პუტინის დამარცხება, ნუ იქნებით მოსაწყენი“ — ნავალნაია ევროპარლამენტს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.

„თუ მართლა გინდათ პუტინის დამარცხება, ნოვატორად უნდა იქცეთ და აღარ იყოთ მოსაწყენი“, — მიმართა ნავალნაიამ ევროპარლამენტს.

მან გამოთქვა შეშფოთება, რომ ევროკავშირის არცერთმა სანქციამ არ შეაჩერა რუსეთის აგრესია უკრაინაში.

„თქვენ ვერ ავნებთ პუტინს რეზოლუციით ან სხვა სანქციებით, რომელიც არაფრით განსხვავდება წინა რეზოლუციებისგან. საქმე გაქვთ არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. თქვენ და ყველა ჩვენგანი უნდა შევებრძოლოთ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას“, — განაცხადა იულია ნავალნაიამ.

მისი თქმით, ალექსეი ნავალნი ყველაფერი იყო, მოსაწყენის გარდა. იულია ნავალნაიამ თქვა, რომ მისი ქმარი მოკლეს და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ალექსეი ნავალნის ბრძოლას „თავისუფალი რუსეთისთვის“.


ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს გახდა ცნობილი.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი