ახალი ამბები

პრეზიდენტმა Sky News-ის ეთერში ისაუბრა წინასაარჩევნოდ რუსეთისგან მომდინარე ზრდად საფრთხეებზე

28 თებერვალი, 2024 •
პრეზიდენტმა Sky News-ის ეთერში ისაუბრა წინასაარჩევნოდ რუსეთისგან მომდინარე ზრდად საფრთხეებზე

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანული Sky News-ის ეთერში ისაუბრა წინასაარჩევნოდ რუსეთისგან მომდინარე ზრდად საფრთხეების შესახებ.

მისი შეფასებით, პრორუსული ჯგუფები და პარტიები საქართველოში, ფართო საზოგადოებაში მიღებული არ არიან, თუმცა მათი ნაწილი ფარულად იღებს რუსეთიდან დაფინანსებას – ისე, რომ თავს ოფიციალურად არ აიდენტიფიცირებს პრორუსად.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. ჩვენ ვიცით ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეუძლია რუსეთს, ჩაერიოს არჩევნებში, როგორ შეუძლია რუსეთს, აწარმოოს ჰიბრიდული ომი სხვა ქვეყნებში, – ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილებაც, – კიბერ თავდასხმები, ეკონომიკური ზეწოლა. შეუძლია გამოიყენოს ყველა ტიპის პროპაგანდა – დააფინანსოს გარკვეული მარგინალური ჯგუფები. საქართველოში პრორუსული ჯგუფები მარგინალურები არიან იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ გვახსოვს ეს თავდასხმა.

ამ გამოცდილებისა და მახსოვრობის მქონე საზოგადოებაში პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების არსებობა ცოტა რთული წარმოსადგენია. თუმცა არსებობენ პრორუსები, რომლებიც ოფიციალურად არ აიდენტიფიცირებენ თავს ასე, მაგრამ ფინანსდებიან [რუსეთიდან]. ასევე, აფინანსებენ გარკვეული ტიპის ანტიდასავლურ პროპაგანდას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა იმპიჩმენტზეც და სთხოვა დაედასტურებინა, რომ მმართველმა პარტიამ ეს პროცესი მისი დასავლეთთან სიახლოვის გამო წამოიწყო. ზურაბიშვილმა ეს დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ გასული წლის მოვლენებს შორის მთავარი საქართველოსთვის იყო კანდიდატის სტატუსის მიღება.

“იმპიჩმენტის მცდელობა არ იყო წარმატებული.  რეალური გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ გასულ წელს, იყო ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს არის ძირითადი გადაწყვეტილება, რომელმაც წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით, საითაც მიდიოდა საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომზეც და სთხოვა რჩევა მიეცა მათთვის, რადგან საქართველოს უკვე აქვს რუსეთის თავდასხმის არაერთგზის გამოცდილება. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელებს რჩევას ვერ მისცემს, რადგან საქართველოს და უკრაინის ისტორია და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები თითქმის ერთმანეთის პარალელურად ვითარდება – დაწყებული იმპერიული რუსეთიდან მე-19 საუკუნეში, გაგრძელებული მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთიდან და დასრულებული თანამედროვე პერიოდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი