ახალი ამბები

თოფურიას თქმით, ესპანეთის პრემიერს შეხვედრაზე მოქალაქეობა უნდა სთხოვოს

27 თებერვალი, 2024 • 751
თოფურიას თქმით, ესპანეთის პრემიერს შეხვედრაზე მოქალაქეობა უნდა სთხოვოს

ილია თოფურია, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდება.

ერთ-ერთ გასართობ სატელივიზიო გადაცემაში სტუმრობისას წამყვანმა შეახსენა თოფურიას, რომ ადრე UFC-ის ჩემპიონობაზე ოცნებობდა და ჰკითხა, რა იყო მისი ახალი ოცნება.

თოფურიამ, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს, უპასუხა, რომ მთავრობის მეთაურს ესპანეთის მოქალაქეობა უნდა სთხოვოს.

„ვაპირებ, პირადად [პრემიერს] მივმართო მოქალაქეობისთვის. ვნახოთ, დამეხმარებით თუ არა ოცნების ასრულებაში. ძალიან გამიხარდებოდა“, – ციტირებს თოფურიას „მარკა“.

გადაცემაში თოფურიას ისიც ჰკითხეს, როდემდე აპირებს UFC-ში ასპარეზობას. მან უპასუხა, რომ სამამდეც ექნება სპორტში ყოფნის ჟინი, იქამდე დარჩება, ხოლო როცა წასვლის დრო მოვა, სამყარო ამას უკარნახებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თოფურია ამბობს, რომ სპორტიდან წასვლის შემდეგ სურს, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას გაუზიაროს თავისი ცოდნა, რათა მათ არ მოუწიოთ იმ სირთულეებთან გამკლავება, რომლებსაც თავად შეეჯახა.

კიდევ ერთი კითვა ეხებოდა იმას, დათანხმდება თუ არა თავის ძმასთან, ალექსანდრესთან ბრძოლას, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი კონტრაქტს UFC-სთან. ილია თოფურიას თქმით, მათი დედა მოვლენათა ასეთ განვითარებას ძალიან ცუდად შეხვდება, ასე რომ, ბრძოლა არ შედგება – „არ გვინდა პრობლემები დედასთან“.

UFC-ის ახალმა ჩემპიონმა აგრეთვე ისაუბრა მისი შვილის შესაძლო კარიერაზე ამავე სპორტში. თოფურიამ თქვა, რომ თუ მის შვილს ამის სურვილი ექნება და საქმისადმი ერთგულებას გამოიჩენს, აუცილებლად დაეხმარება.

18 თებერვალს UFC-ში გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. თოფურიამ მეორე რაუნდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი