საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქვეყნებს განცხადებას, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრემიერი უკრაინას მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს.
„ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.
საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა ორი წლის წინ წამოიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. კრემლში ამას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ.გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
ორწლიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქი თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა არაერთი მიმართულებიდან, – მაგალითად, კიევისა და ხარკოვის, – უკან დახევა მოუწია.