ახალი ამბები

„ყველას უჭირს იმაზე საუბარი, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“ – კობახიძე

23 თებერვალი, 2024 • 2709
„ყველას უჭირს იმაზე საუბარი, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“ – კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ „ძალიან მძიმეა შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთის აგრესიამ, განსაკუთრებით- უკრაინელებისთვის“.

უკრაინაზე მან 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის შემდეგ ისაუბრა:

ამასთან ერთად, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უსურვებს და იმედი აქვს, რომ ომი მალე დასრულდება.

„ძალიან მძიმეა შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთის სამხედრო აგრესიამ. განსაკუთრებით მძიმეა უკრაინელი მეგობრებისთვის. რთული ვითარებაა. 2,5-ჯერ მეტი ტერიტორია აქვს ოკუპირებული რუსეთს, ვიდრე ომის დაწყებამდე. 40-მილიონიანი მოსახლეობიდან არის 10 მილიონი ლტოლვილი. განადგურებულია ინფრქსტრუქტურა. უკრაინას აქვს ეკონომიკური პრობლემები, 30%-ით შემცირდა ეკონომიკა გასულ წელს.

აქედან გამომდინარე ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდამჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას. 600-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას, აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც გმობდა რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერდა უკრაინას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, ომი მალე დასრულდება. უკრაინას ვუსურვებთ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – ასე უპასუხა კობახიძემ „მთავარი არხის“ კითხვას.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, – მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, – კობახიძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საკითხზე უჭირთ საუბარი ჩვენს პარტნიორებსაც. ზუსტად როგორ დასრულდება ომი, საუბარი უჭირს ყველას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი