ახალი ამბები

აშშ-ში ბრალი წარუდგინეს პირებს, რომლებიც რუს ოლიგარქებს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ

23 თებერვალი, 2024 • 1245
აშშ-ში ბრალი წარუდგინეს პირებს, რომლებიც რუს ოლიგარქებს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა რუსული „ვი-თი-ბი“ ბანკის ხელმძღვანელ ანდრეი კოსტინს. მას გამოოძიება სანქციების დარღვევასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს, იტყობინება „როიტერსი“.

ბრალდების მხარის განცხადებით, კოსტინი აშშ-ის  2018 წლის სანქციების მიუხედავად, აშშ-ში 135 მილიონი დოლარის ღირებულების ორ იახტას და ელიტარულ კურორტ ასპენზე 12 მილიონი დოლარის ღირებულების სახლს იყენებდა. კოსტინს ამერიკული სანქციები 2018 წელს დაუწესეს.

კოსტინის გარდა, ბრალი წარედგინათ ვადიმ ვოლფსონსა და გენონ ბონდს. გამოძიების ვერსიით, ისინი კოსტინს სახლის მართვაში ეხმარებოდნენ, თუმცა მალავდნენ, რომ ქონება სანქცირებულ პირს ეკუთვნოდა.

ვადიმ ვოლფსონი, „მედუზას“ ცნობით, ვადიმ ბელიაევია, რომელმაც გვარი აშშ-ში გადასვლის შემდეგ შეიცვალა. იგი რუსული ბანკის, „ოტკრიტიეს“ ერთ-ერთი ყოფილი თანამფლობელია. ეს ბანკი აშშ-მა 2017 წელს დაასანქცირა. მოგვიანებით „ოტკრიტიე“ სწორედ „ვი-თი-ბიმ“ შეისყიდა.

ამერიკელმა სამართალდამცავებმა ვოლფსონი და ბონდი დააკავეს. კოსტინი კი ახლა რუსეთში იმყოფება.

უწყების ცნობით, ამ სამეულის გარდა, აშშ-ში ბრალი წარედგინათ სხვა პირებსაც, მათ შორის ჯორჯიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქე ფელიქს მედვედევს, რომელმაც აღიარა 150 მილიონი დოლარის გათეთრება. ასევე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა შვეიცარიაში მცხოვრებ ვლადისლავ ოსიპოვს – გამოძიება მას საბანკო თაღლითობას ედავება. ოსიპოვს აგრეთვე ადანაშაულებდნენ სანქცირებული ოლიგარქის, ვიქტორ ვექსელბერგის იახტის ოპერირებაშიც.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიზანია, შეაჩეროს უკანონო თანხების ნაკადი, რომელიც ეხმარება პუტინის ომს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა პროკურორმა მერიკ გარლენდმა.


გარეკანის ფოტო: © EPA-EFE/ALEXEI NIKOLSKY / SPUTNIK / KREMLIN POOL

მასალების გადაბეჭდვის წესი