აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შეშლილი ნაბიჭვარი“ უწოდა.
ბაიდენმა ეს განცხადება სან-ფრანცისკოში მისი კამპანიის დონორებთან საუბრისას გააკეთა. პრეზიდენტი ამერიკისა და მსოფლიოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეებზე საუბრობდა.
„ბოლო ეგზისტენციური საფრთხე კლიმატის [ცვლილებაა]. კი ბატონო, გვყავს ამ პუტინისნაირი (და სხვებიც) შეშლილი ნაბიჭ***ბი და ყოველთვის უნდა ვიდარდოთ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, მაგრამ კაცობრიობისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატის [ცვლილებაა]“, – ციტირებს მას „როიტერსი“.
ბაიდენის რიტორიკა პუტინის მიმართ კიდევ უფრო ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ გამწვავდა. მაშინ ბაიდენმა განაცხადა, რომ ნავალნი პუტინისა და მისი „ბანდიტების“ ქმედებების შედეგად დაიღუპა.
გარეკანის ფოტო: EPA-EFE/MIKHAIL METZEL/SPUTNIK/KREMLIN POOL