ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით” – ბჟანია

21 თებერვალი, 2024 • 4932
“დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში კვლავ შეაქო საქართველოს ხელისუფლება “პრაგმატული ნაბიჯებისთვის” და განაცხადა, რომ  “აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით”. 

“საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის საკითხზე მედგრად დაუდგა დასავლეთს” – ბჟანია

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში სპეციალური საომარი ოპერაცია დაიწყო, საქართველოს მთავრობა ყველაფრის მიმართ პრაგმატულ მიდგომას იჩენს. ისინი უკრაინის მიერ დაწესებულ პროვოკაციაში მონაწილეობას არ იღებენ. მათ არ დაუჭირეს მხარი უკრაინის ლიდერის მოწოდებას მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება”, – განაცხადა ბჟანიამ ინტერვიუში. 

მისი თქმით, თუ ქართული ხელისუფლება მომავალშიც გამოავლენს პრაგმატიზმს, ამით “ზედმეტი ინციდენტები აღმოიფხვრება”: 

“ჩვენ ჩვენი მომავალი გადავწყვიტეთ. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს არსებული რეალობა. არ მგონია, რომ რაიმე ახალს ვამბობდე, მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს ომამდე იყო. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. 1992 წელს, აფხაზეთში ომის დაწყებამდე, იმ პერიოდის ქართველ ხელისფულებას უნდა გაეგო, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

ბჟანიამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, აფხაზეთს სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან: 

“მე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხის მიმართ ანტაგონიზმი არ გვაქვს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს მათთან, ვინც ეს ომი დაიწყო და ასევე მათთან, ვინც ამ ომში მონაწილეობა მიიღო. ამ საკითხმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა”. 

“დღეს არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, რომლის დამოუკიდებლობასაც მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლება და ხალხი. ჩვენ ჩვენი განვითარების გზა გვაქვს და მივყვებით მას. ამავდროულად, დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავი ის არის, რომ ჩვენ გვესმის, რამდენად რთულია” ,- განაცხადა ბჟანიამ Tass-თან ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი