აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში ამბობს, რომ აფხაზური მხარე ძალიან ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ე.წ. მეორე ფრონტის საკითხზე.
“საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეძლო ამ კუთხით მედგრად დადგომა. მოგეხსენებათ, აპრილში იქ რთული სიტუაცია იყო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ამას ვადევნებდით თვალს. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მედგრად დადგომა. მომავალში ვნახოთ, რა იქნება”, – ამბობს ბჟანია.
“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებისა და მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების” კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. განცხადებები პერიოდულად კეთდება სოხუმში და ცხინვალში. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს.