ახალი ამბები

მკვდარი იპოვეს რუსი „ვოენკორი”, რომელიც ავდიივკაში რუსეთის დანაკარგებზე წერდა

21 თებერვალი, 2024 • 1137
მკვდარი იპოვეს რუსი „ვოენკორი”, რომელიც ავდიივკაში რუსეთის დანაკარგებზე წერდა

რუსი სამხედრო და ტელეგრამ-არხ „იანინადან გვწერენ“-ის [«Нам пишут из Янины»] ავტორი ანდრეი მოროზოვი, იგივე „მურზა“, მკვდარი იპოვეს, იტყობინება „მედუზა“.

რუსეთის მხარეს მებრძოლი მოროზოვი თავის არხზე, რომელსაც თითქმის 100 000 გამომწერი ჰყავს, რუსული ჯარის პრობლემებზეც წერდა, რის გამოც პროპაგანდისტების, მათ შორის ვლადიმერ სოლოვიოვის კრიტიკის ობიექტიც გამხდარა.

მოროზოვის სიკვდილზე 21 თებერვლის დილით განაცხადეს სხვადასხვა ტელეგრამ-არხებმა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერენ მხარს. მისი ადვოკატი, მაქსიმ პაშკოვი ამბობს, რომ მოროზოვმა თავი მოიკლა. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ წყაროებს არ აქვთ ცნობები მოროზოვის გარდაცვალების მიზეზებზე.

21 თებერვლის დილითვე, მოროზოვის არზე გამოქვეყნდა შეტყობინებები, რომლებშიც იგი ამბობდა, რომ თავს მოიკლავს და ხალხს სთხოვდა, არ ედარდათ მისი სიკვდილის გამო.

მისსავე არხზე ვკითხულობთ, რომ 20 თებერვალს სარდლობამ აიძულა მოროზოვი, წაეშალა ტელეგრამ-არხიდან ერთ-ერთი პოსტი. „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური ვარაუდობს, რომ საუბარია პოსტზე, რომელშიც მოროზოვი ამტკიცებდა, რომ ავდიივკაზე იერიშისას რუსული ძალების დანაკარგებმა 16 ათასი ადამიანი შეადგინა; ასევე, იგი წერდა 300 ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურებაზე.

ამ პუბლიკაციას მოჰყვა რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტების კრიტიკა. მათ აღნიშნეს, რომ მოროზოვის პოსტი შეესაბამებოდა „[რუსეთის ჯარზე] ფეიკების გავრცელების შესახებ კანონმდებლობას, რაც სისლის სამართლის დანაშაულია. მოროზოვის არხზე ვკითხულობთ, რომ მას პოსტის წაშლა უბრძანეს “ზეწოლით, რომლის სათავეშიც ვლადიმერ სოლოვიოვი დგას“.

ამავე ტელეგრამ-არხზე დაიდო „მოროზოვის ანდერძიც“. იგი მთავარ სამხედრო პროკურორს მიმართავს და საუბრობს შეიარაღების მწვავე უკმარისობაზე, ჯარის დანაკარგებზე და სამედიცინო დახმარებისა და როტაციის არქონაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი