ახალი ამბები

ადიგენში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

20 თებერვალი, 2024 • 617
ადიგენში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. „პირდაპირების“ დასახლებაში, მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

ადგილზე იმყოფება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი. სააგენტოს ცნობით, ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას.

სააგენტო ახადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებლად ალტერნატიული ფართი შესთავაზეს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მეწყრის შედეგად გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი დაიბზარა. ყულჯანიშვილების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რამდენიმე დღის წინ დარჩა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებულ გეოლოგიურ პროცესებს აფასებენ. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ, ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

გარეკანის ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“

მასალების გადაბეჭდვის წესი