ესპანეთში მოკლული იპოვეს რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც წინა წელს ვერტმფრენი „მი-8“ მოიპარა და უკრაინას გადასცა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო Efe საგამოძიებო ორგანოებში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
კუზმინოვის მკვლელობას ადასტურებენ უკრაინული წყაროებიც. „გადაწყვიტა ესპანეთში ეცხოვრა. რაც ვიცით, ისაა, რომ ყოფილი შეყვარებული დაპატიჟა და მოკლული იპოვეს“, – ამბობს „უკრაინსკა პრავდას“ წყარო. Efe-ს ცნობით, კუზმინოვს ექვსჯერ ესროლეს, რაც მკვლელობის „შურისძიების მოტივით“ ჩადენაზე მიუთითებს.
მართალია, ესპანეთში მოკლულ პირს თან 33 წლის უკრაინელის დოკუმენტები ჰქონდა [პილოტი კი 28 წლის იყო], Efe აღნიშნავს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, მოკლული სწორედ რუსი პილოტი იყო.
კუზმინოვის მოკვლა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომაც.
მოკლულმა პილოტმა უკრაინას ვერტმფრენი 2023-ის სექტემბერში გადასცა და ფულადი ჯილდოც მიიღო.
უკრაინული მხარე, კერძოდ კი, ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გური), მოუწოდებდა რუსეთის მოქალაქეებს, კუზმინოვისთვის მიებაძათ. უკრაინის მხარეზე ტექნიკით გადასვლისთვის რუსი სამხედროებისთვის ჯილდოდ ფულადი თანხის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტის 2022 წლის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
„უკრაინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა. ჩვენს ვალდებულებებსაც ვასრულებთ და საერთაშორისო სამართალსაც ვიცავთ. ასე რომ, იმ რუსებს, ვისაც არ სურთ სამხედრო დამნაშავეები გახდნენ – გთხოვთ, დანებდით, გადმოდით უკრაინის მხარეს და დაიცავით თქვენი სინდისი და ღირსება, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურ-ის პრესსპიკერმა ანდრეი უსოვმა.