ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ხანძრის გამო თუ მკვლელობა

23 სექტემბერი, 2010 • • 1529
უბედური შემთხვევა ხანძრის გამო თუ მკვლელობა

პოლიცია ეჭვობს, რომ აღმაშენებლის 83 ნომერში მცხოვრები არუთინოვების სახლში მყოფი ორი პიროვნება ხანძრის გაჩენამდე დაიღუპა. გარდაცვლილია ოჯახის უფროსის 35 წლის რძალი და 19 წლის ძმის შვილი, რომელიც თელავიდან სტუმრად იყო ჩამოსული.

ქალაქ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის თქმით, ხანძარი საეჭვო ვითარებაში არის გაჩენილი. აბაზანაში ნაპოვნია სისხლის კვალი და ხანძრის გაჩენის ორი დამოუკიდებელი კერაა ნაპოვნი.

მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე საცხოვრებელი სახლთან ოთხი სახანძრო მანქანა 13.50 წუთზე მივიდა.  სამაშველო სამსახურის ჯგუფმა კიდევ ორი ეკიპაჟის გამოძახება მოითხოვა. სამანქანო მოძრაობა შეფერხდა.

მეხარძრეებმა სახლის კარი ვერ გააღეს და იძულებული გახდნენ, ეზოს მხრიდან აივნის ფანჯრებიდან შესულიყვნენ. ხანძრის ჩაქრობიდან ათ წუთში კვამლიც გაიფანტა.

საცხოვრებელი სახლის ეზო ხალხით იქამდე გაივსო, სანამ პოლიცია სადარბაზოს შესასვლელს გადაკეტავდა.

თემურ გიორგაძის თქმით, ხანძარი მცირე ტერიტორიაზე გავრცელდა და არც ერთი მეზობლის სახლი არ დაზიანებულა:

”დიდი ხანძარი არ ყოფილა.. ორ ოთახში იყო გავრცელებული, ათ კვადრატულ მეტრზე… უბრალოდ კვამლი გავრცელდა დიდ ტერიტორიაზე.”

მეზობლები ამბობენ, რომ დამწვრის სუნს დილიდან, მიახლოებით ათი საათიდან გრძნობდნენ. თუმცა ვერ გაარკვიეს სუნი საიდან მოდიოდა. 13.37 წუთზე მათ მესამე სართულიდან, არუთინოვების ფანჯრიდან კვამლი დაინახეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს. მეზობლების თქმით, მეხანძრეები  10-15 წუთში მივიდნენ.

ძველი თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი კობა ჯოხაძე ამბობს, რომ ხანძარი სამ წუთში ჩააქრეს, ხოლო მას შემდეგ რაც გვამები იპოვეს, პოლიციას გამოუძახეს.

პოლიციელების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური გამოცხადდა, რომელმაც ადგილზე პირველადი სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა. სრული სამედიცინო ექსპერტიზა გვამებს პროზექტურაში გადაყვანის შემდეგ ჩაუტარდებათ.

რა გახდა ორი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი, ამას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, განაცხადა თემურ გიორგაძემ მას შემდეგ რაც ხანძრის გაჩენის საეჭვო  გარემოებებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი