ახალი ამბები

მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტზე ნავალნის სიკვდილი იზეიმეს

19 თებერვალი, 2024 • 1038
მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტზე ნავალნის სიკვდილი იზეიმეს

მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტზე რუსულმა როკ-ჯგუფმა, სახელად „მოიეას ახალგაზრდობიდან“,  ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი აღნიშნა.

მუსიკოსები და კონცერტის დამსწრენი სკანდირებდნენ „თრომბი მოწყდა“. რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ამბობენ, რომ სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, კონცერტზე აგრეთვე აღნიშნავდნენ უკრაინული ქალაქის, ავდიივკას აღებას. კონცერტის ერთ-ერთი სტუმრის ირონიულ რეპლიკას, რომ ნავალნის სიკვდილის აღნიშვნა „ქრისტიანული არაა“, ჯგუფის სოლისტმა უპასუხა, რომ ეს შეძახილები „ფაქტის კონსტატაციაა“.

ჯგუფი ირწმუნება, რომ “მართლმადიდებლურ როკს” უკრავს.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი