ახალი ამბები

რუსმა მუსიკოსმა იური შევჩუკმა კონცერტზე სიმღერა ნავალნის მიუძღვნა

19 თებერვალი, 2024 • 493
რუსმა მუსიკოსმა იური შევჩუკმა კონცერტზე სიმღერა ნავალნის მიუძღვნა

რუსული როკ-ჯგუფის, ДДТ-ს ლიდერმა იური შევჩუკმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში კონცერტისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილთან დაკავშირებით ისაუბრა, წერს „მედუზა“.

ტელეგრამ-არხებში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ შევჩუკმა ნავალნის ჯგუფის სიმღერა „თავისუფლება“ მიუძღვნა, შესრულებამდე კი შეკრებილებს უთხრა:

„დაიღუპა ალექსეი ნავალნი, რომელიც ჩვენ, რუსებს, თავისუფლებაზე გვესაუბრებოდა. კარგად გვესაუბრებოდა. გვახსენებდა, რომ ყველას შეგვიძლია თავისუფლები გავხდეთ, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. გვეუბნებოდა, რომ რწმენა თავისუფლების გარეშე ფანატიზმია; შრომა თავისუფლების გარეშე – მონობა, რთული, რთული მონობა; სიყვარული თავისუფლების გარეშე – დესპოტიზმი. არაფერი არსებობს თავისუფლების გარეშე, მის გარეშე ყველაფერი შავია. გვინდა ვიმღეროთ ალექსეი ნავალნის პატივსაცემად, სიმღერას ჰქვია “თავისუფლება”“, – განაცხადა შევჩუკმა.

იური შევჩუკი ჯგუფ ДДТ-ს ლიდერი ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არის. იგი ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შეხედულებებზე – 1990-იან წლებში იყო ჩეჩნეთში მიმდინარე ომის წინააღმდეგი, იყო პუტინის ოპოზიციაში. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არ დატოვა რუსეთი, თუმცა, გაძლიერებული რეპრესიების ფონზე, მაინც განაგრძო ხელისუფლების კრიტიკა.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.


გარეკანის ფოტოზე: იური შევჩუკი 2010 წლის საპროტესტო აქციაზე. © EPA/YURI KOCHETKOV

მასალების გადაბეჭდვის წესი