ახალი ამბები

ჯგუფურად მკვლელობისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

19 თებერვალი, 2024 • 998
ჯგუფურად მკვლელობისა და ცრუ ჩვენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს 18 თებერვალს თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით.

როგორც შსს აცხადებს, ჯ.ს.- ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით არის დაკავებული.

ჯ.ს.-სთვის წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.ზ.-სთვის წარდგენილი ბრალი -3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს.- ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ – სთან. მოგვიანებით, ჯ.ს.-მ მას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ.-ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა”, — აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, ჯ.ს. და გ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი