ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ნავალნისთან შედარების მიზეზი არ არსებობს

17 თებერვალი, 2024 •
ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ნავალნისთან შედარების მიზეზი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება არ შეიძლება.

ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს…“ – უთხარა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს, რაზეც მან უპასუხა:

„არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა კვლავ სცადა ზურაბიშვილისთვის კითხვის დასმა – „უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგალითად, შეძლებთ, რომ…“. პასუხად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში.

„საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახანს აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაღუპვას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, პუტინი ნავალნის მას ხშირად ადარებდა და ისიც ნავალნის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს საქართველოში პუტინიზმის დასამარცხებლად.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე. მისი თქმით, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს, რომელიც გადაწყვეტილებას პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს.

„ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი