მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაღუპვას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, პუტინი ნავალნის მას ხშირად ადარებდა და ისიც ნავალნის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს საქართველოში პუტინიზმის დასამარცხებლად:
„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.
შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში” ,– წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა უნდა დაადგინონ. მისივე თქმით, პუტინს ნავალნის გარდაცვალებაზე უკვე მოახსენეს.
ნავალნის ადვოკატმა, ლეონიდ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ადვოკატი პოლიტიკოსთან 14 თებერვალს, ოთხშაბათს იყო მისული. „ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა საკითხს ვარკვევთ. ადვოკატი ოთხშაბათს იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო“, – ამბობს სოლოვიოვი.
ვრცლად წაიკითხეთ: ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპა