ახალი ამბები

“სუიციდი არ ყოფილა, მოკლეს” – გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა

16 თებერვალი, 2024 • 852
“სუიციდი არ ყოფილა, მოკლეს” – გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა, ნაზი ტატალაშვილი ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლეს. მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს ირაკლი აფრიამაშვილთან 5 ადამიანი იყო მისული, დაკავებული კი მხოლოდ სამია. ნაზი ტატალაშვილი ყველა დამნაშავისთვის შესაბამისი ბრალის წარდგენას და მათ დასჯას ითხოვს.

“სუიციდი საერთოდ არ ყოფილა. ის მოკლეს ცემაში. წამებით მოკლეს. აღსანიშნავია ის, რომ საკუთარ სახლში მიუცვივდნენ მხეცებივით […] ფიგურირებდა ხუთი პიროვნება…

…მინდა აღდგეს სამართლიანობა. მართალია, ჩემი შვილი დღეს მიწაშია, მაგრამ მინდა, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო.

იცით, რაზე მტკივა გული?! ავღანეთიდან ჩამოვიდა სრულიად ჯანმრთელი და აქ თავისმა მეგობრებმა ასე ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს”, – უთხრა TV პირველს გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ.

41 წლის ირაკლი აფრიამაშვილი 11 იანვარს საკუთარ სახლში – გორის რაიონის სოფელ ახალშენში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მასზე ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამი სამხედროა დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ემუქრებოდნენ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით.

გამოძიების თანახმად, სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

დაკავებულების ადვოკატი ადასტურებს შელაპარაკებისა და “მსუბუქად დარტყმის” ფაქტს, თუმცა არ ეთანხმება ბრალის ფორმულირებას თვითმკვლელობამდე მიყვანასთან დაკავშირებით.


ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი