ახალი ამბები

18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო

14 თებერვალი, 2024 • 799
18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, ცხედარი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით წაიღო და ხევში გადააგდო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მოკლა ყოფილი მეუღლე, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი