ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში განმარტავენ, რატომ გადაარქვეს გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩას სახელი

12 თებერვალი, 2024 • 5573
თბილისის საკრებულოში განმარტავენ, რატომ გადაარქვეს გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩას სახელი

სოციალურ მედიაში გავრცელდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2023 წლის  განკარგულება, რომლის თანახმად, ჩუღურეთის რაიონში არსებულ გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩას სახელი გადაერქვა და მიენიჭა ენათმეცნიერის, თამაზ გამყრელიძის სახელი:

დრამატურგი გაბრიელ სუნდუკიანი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მე-19 საუკუნის საქართველოს თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში, მისი პიესები მუდმივად იდგმებოდა თბილისის სცენებზე, რომლებშიც თამაშობდნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული მსახიობები და მწერლებიც: აკაკი წერეთელი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, რაფიელ ერისთავი, შემდგომ კი, უკვე: ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა და სხვანი… თბილისს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში.

შესაბამისად, გავრცელებულმა ცნობამ მისი სახელობის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ საზოგადოების ინტერესი და კითხვები გამოიწვია.

„ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს, სადაც გაგვიზიარეს „სახელდებისა და სიმბოლიკის” კომისიის განცხადება, რომლის თანახმად, გაბრიელ სუნდუკიანის სახელი მიენიჭა სომხურ თეატრთან მიმდებარედ არსებულ სკვერს, სადაც ასევე იგეგმება გაბრიელ სუნდუკიანის მემორიალის მოწყობაც:

„თბილისის საკრებულომ, 2023 წლის 25 აგვისტოს, დედაქალაქის საზღვრებში არსებული რიგი გეოგრაფიული ობიექტების სახელდება განახორციელა. მათ შორის, ისნის რაიონში, სომხურ თეატრთან არსებულ სკვერს  გაბრიელ სუნდუკიანის სახელი მიენიჭა. მოგეხსენებათ, ისნის რაიონში, ავლაბარში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა: განახლდა ქეთევან დედოფლის გამზირი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პეტრო ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრს, მიმდინარეობს თეატრთან არსებული სკვერის მოწყობა, რომელთანაც პირდაპირი კავშირი აქვს გაბრიელ სუნდუკიანს და მისი ფასდაუდებელი მოღვაწეობის გათვალისწინებით, აღნიშნულ სკვერს მისი სახელი მიენიჭა. (…) გაბრიელ სუნდუკიანი დაკრძალულია ავლაბარში, სომხურ პანთეონში. მისი მოღვაწეობა არსებითად უკავშირდება თბილისის სომხურ დრამატულ თეატრს. აღნიშნულ სივრცეში მისი სახელობის სკვერის და მემორიალის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მისი ღვაწლისა და შემოქმედების პოპულარიზებას” ,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი