ახალი ამბები

კატეგორიულად მიუღებელია მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია – კობახიძე

8 თებერვალი, 2024 • 1459
კატეგორიულად მიუღებელია მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია – კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ექსპრემიერი გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების გამო.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა კობახიძეს სთხოვა დაესახელებინა ერთი ნაბიჯი, რის გამოც ნდობას იმსახურებს.

„პირიქით შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი დაგისახელოთ, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი… თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოო გამძლიერებელი, „რუსული კანონის“ ინიციატორი და მიმღები“, — მიმართა ლილუაშვილმა კობახიძეს.

კობახიძის თქმით, ის კითხვას არ დასვამდა იმ პარტიის ადგილას, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო“ საქმე აქვს ჩადენილი.

„ბასიანი, პანკისი, 20 ივნისის სროლა… რატომ დააყენეს სპეცრაზმი ჭიშკრის წინ, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ა.შ. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო და სწორად ემოქმედა მაშინდელ მინისტრს, როგორც მოგვიანებით ანალოგიურ შემთხვევებში მოქმედებდა ვახტანგ გომელაური, არ გახდებოდა საჭირო სროლა, რასაც მოჰყვა ჩვენი თანამოქალაქეების მძიმედ დაზიანება. არ დავსვამდი კითხვას იმ პარტიის ადგილას, რომელმაც 4 მუნიციპალიტეტში შექმნა კოალიცია ნაცმოძრაობასთან. სერიოზული პრობლემები გაქვთ, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ლიდერის თვალში დირეს ვერ პოულობთ. ეს არის ჩემი რჩევა თქვენ მიმართ“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი შეღავათი არ არის გიორგი გახარიასთვის.

„ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული სპეცრაზმის მხრიდან, მაგრამ გართულებამდე ვითარება მიიყვანა უგუნურმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც მანამდე მიიღო მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ“, — განაცხადა კობახიძემ.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა კობახიძეს ჰკითხა, რა მიზანი ჰქონდათ, როდესაც პარლამენტის შენობის შტურმის ორგანიზატორისთვის ამნისტია უზრუნველყო.

„მელიას ამნისტიაზე არ ვისაუბრებდი იმ პარტიის რიგებიდან, რომლის ლიდერიც მელიას გამო გადადგა“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მელიას ამნისტია ნაწილი იყო 19 აპრილის შეთანხმების, რომლის მსგავსსაც „ქართული ოცნება“ აღარასოდეს დადებს.

„აღარასდროს, არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ჩვენ ხელს აღარ მოვაწერთ მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას“, — დასძინა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გახარიას თანაგუნდელებს მათი ლიდერის ცნობილი ფრაზა „ქართულ ჯიგრულ პონტში“ შეახსენა და განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით, არ აპირებს, რომ კორუფციას ლოიალურად მიუდგეს.

„რაც შეეხება კორუფციას, ამაზე მინდა მცირე გადახვევა გავაკეთო. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ძალიან ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ. ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია. ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას.

შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი და ლოიალურად მივუდგე. ეს იქნება ჩემი მიდგომა და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიდგომაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი