ახალი ამბები

ათეისტების ადგილი ახალ კონსტიტუციაში

23 სექტემბერი, 2010 • 1613
ათეისტების ადგილი ახალ კონსტიტუციაში

თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ამგვარი სახით შევიდა ძალაში, კანონპროექტის პრეამბულით, ანუ შესავალი ტექსტით, საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ათეისტებმაც, ეს კონსტიტუცია ”,,ღვთისა და ერის წინაშე’’ უნდა გამოაცხადონ.  

კონსტიტუციის შესავალი ტექსტი, ანუ პრეამბულა, კონსტიტუციონალისტების განმარტებით, მოქალაქეთა დეკლარირებული განცხადებაა, რომლითაც ისინი იღებენ და მოქმედებაში შემოაქვთ ის ნორმები, რომლებიც ამ კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულა:

,,საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას’’.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში  შეცვლილია კონსტიტუციის პრეამბულის ბოლო წინადადება და ის, მოქმედი კონსტიტუციისაგან განსხვავებით, მესამე პირის ნაცვლად პირველ პირშია მოცემული.

,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, … ღვთისა და ერის წინაშე საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას’’.

საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ვახტანგ ხმალაძესა და ზურაბ ჯიბღაშვილს, რომელიც ამავდროულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრიც იყო,  პრეამბულასთან დაკავშირებით ორი შენიშვნა აქვთ.

მათი თქმით, ცვლილებების პროექტში ჩამოყალიბებული პრეამბულით, ქართველი ერი კონსტიტუციას უცხადებს საკუთარ თავს ან სხვა ერს, რაც მათ არასწორად მიაჩნიათ. ხმალაძეს პრეამბულის გრამატიკული ცვლილების (პირის ცვლილება) საწინაარმდეგო არაფერი აქვს და ფიქრობს, რომ პრობლემა არასწორად აგებულ წინადადებებშია.

,,იქ წერია, ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,…  ღვთისა და ერის წინაშე საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას’’. რომელი ერის წინაშე ვაცხადებთ? ჩვენი ერის წინაშე? ერი ერის წინაშე ვაცხადებთ? უაზრობაა უბრალოდ. წინადადება უნდა იყოს გონივრული და არ შეიძლება ერმა თავის წინაშე განაცხადოს’’.

ასევე ხმალაძის აზრით, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქე მორწმუნე არ არის, პრეამბულიდან ამოსაღებია სიტყვები ,,ღვთისა და ერის წინაშე’’.

,, კონსტიტუციაში, ჩვეულებრივ, ღვთის ხსენება არ ხდება ხოლმე. საქართველოს მოქალაქეებს შორის,  მორწმუნეების გარდა, ათეისტებიც  არიან.  ათეისტი ღვთის წინაშე არასოდეს არაფერს აცხადებს. ამიტომ წინადადება შინაარსობრივად ისეთი უნდა იყოს, რომ ის არავის უქმნიდეს შინაგან წინააღმდეგობას’’, – ამბობს ხმალაძე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ სხდომებისას კონსტიტუციის პრეამბულაზე შენიშვნა არავის არ გამოუთქვამს, თუმცა, მისი ინფორმაციით, პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება: ,,მე ვფიქრობ, რომ სიტყვებს ,,ღვთის წინაშე’’ ჩვენ დავტოვებთ, მეორე ჩამატება ,,ერის წინაშე’’ კი ალბათ შეიცვლება ,,ქვეყნის წინაშე’’–თი’’.

რატომ ჩაემატა  პრეამბულაში სიტყვები ,,ღვთისა და ერის წინაშე’’? – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის განმარტებით, ”პრეამბულა არის საზეიმო დეკლარაცია, რომელიც მაღალი სტილით უნდა იყოს დაწერილი და მოქალაქეების პასუხისმგებლობას გულისხმობდეს”.

იგივე  შეკითხვაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, თენგიზ შარმანაშვილი გვპასუხობს:

,,ეს ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციებშია, რომ თვითონ საზოგადოება ათეისტურად არ არის მომართული და იზიარებს იმ ძირითად ფასეულობებს, რაც ღვთისადმი პატივისცემას ემყარება…  ათეისტების უფლებებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აქ ლაპარაკია ჩვენს ეროვნულ პრინციპზე’’.

ზურაბ ჯიბრაშვილი თქმით, ამგვარი პრეამბულა ფიცის ასოციაციას იწვევს,  კონსტიტუციის გამოცხადება კი, მისი აზრით,  ფიცის დადება არ არის.

,,შეიძლება დაიფიცოს ამა თუ იმ თანამდებობის პირმა იმაზე, რომ ის დაიცავს ამ კონსტიტუციით დადგენილ წესებს, მაგრამ დავიფიცო იმაზე რომ ამ წესებს ვადგენ, ვფიქრობ, უხერხულია’’.

ჯიბღაშვილს პოლონეთის კონსტიტუციის მაგალითი მოყავს. მისი განმარტებით, როდესაც პოლონეთში თანამდებობის პირი, რომელიც მორწმუნე არ არის და  დებს  ფიცს, კონსტიტუციური ნორმის მიხედვით შეუძლია ეს სიტყვები (ღვთისა და ერის წინაშე) გამოტოვოს:  ,, მე არ მინდა ათეისტის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ, მე ვამბობ იმას, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ’’.

ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებისას, საქართველოს კანონმდებლობით, ფიცს დებს პრეზიდენტი, საჯარო მოხელე, პარლამენტარი, მოსამართლე, პროკურორი, მოწმე ჩვენების მიცემის წინ.

საჯარო მოსამსახურის ფიცში ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28– მუხლით, არ გვხვდება სიტყვები ,,ღვთისა და ერის წინაშე’’.  პრეზიდენტის, პარლამენტარის, მოსამართლეების, პროკურორებისა და ზოგ შემთხვევაში მოწმეების ფიცის ტექსტში კი ამჟამად მოქმედი ნორმებით, ეს სიტყვები არის.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, ამ სიტყვების ამოღება ფიცისას ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია.

თუ პრეზიდენტი, ან პარლამენტარი ათეისტი აღმოჩნდება, არ არსებობს კანონში რაიმე დათქმა (როგორიც ეს პოლონეთის კონსტიტუციის შემთხვევაშია), რომლის  მიხედვითაც ფიცისას პირს შეეძლება გამოტოვოს ეს სიტყვები და კონსტიტუციით გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება დაიცვას.

1999  წელს სტრასბურგის სასამართლომ განიხილა საქმე ,,ბუსკარინი და სხვები სან–მარინოს წინააღმდეგ’’ (საქმე #24645/94).  სან–მარინოს ახლად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა, ბუსკარინიმ და სხვებმა ფიცის დადებაზე უარი განაცხადეს, რადგან ფიცის ტექსტში მსგავსი სიტყვები იყო. ამის გამო  სან–მარინოს პარლამენტმა ახლად არჩეულ პარლამენტარებს მუშაობის უფლება შეუზღუდა. ბუსკარინიმ თანამოაზრეებთან ერთად სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა  და ეს აღმსარებლობის  თავისუფლებით გაამართლა. 

დავა ქრისტიანული მემკვიდრეობის კონსტიტუციაში ასახვაზე ევროპაში ევროკონსტიტუციის პროექტის შექმნის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ, ვისაც მიაჩნდათ, რომ ევროპული კონსტიტუციაში მათი ისტორია უნდა აღიარებულიყო, კონსტიტუციის პრეამბულას ხელსაყრელად მიიჩნევდნენ რელიგიური მემკვიდრეობის მოსახსენიებლად. მოწინაარმდეგენი კი ფიქრობდნენ, რომ ევროპული მემკვირეობა მრავალფეროვანია და მხოლოდ ქრისტიანულ მემკვირეობას არ გულისხმობს, ამიტომ პრეამბულაში ქრისტიანული მემკვიდრეობის აღიარება არ უნდა მომხდარიყო. 

,,ევროპა მრავალი სარწმუნოებისა და სრულიად ურწმუნო ადამიანების საზოგადოებას მოიცავს. რომელიმე სარწმუნოების, როგორც სხვაზე უპირატესის, მხარდაჭერა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევს აღშფოთებას“ ,– ამბობდა ბრიტანეთის ნაციონალური სეკულარული საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი  ქეით პორციუს ვუდი.

ვახტანგ ხმალაძე  ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში ვერ იხსენებს ქვეყანას, სადაც პრეამბულა მსგავსი სახით არის ჩამოყალიბებული. შარმანაშვილმა კი მაგალითად ამირიკის შეერთებული შტატები და გერმანია მოიყვანა.

აშშ–ს კონსტიტუციის პრეამბულაში, განსხვავებით გერმანისს კონსტიტუციისა,  სიტყვები ,,ღვთისა და ერის’’ წინაშე არ გვხვდება არც კონსტიტუციის პრეამბულაში და არც ფიცის ტექსტში. ეს საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 1787 წელს მწვავე დებატების საგანი იყო. 1787 წელს მიღებულ კონსტიტუციაში რელიგია მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული:

 ,,შეერთებულ შტატებში არასოდეს, არავითარი რელიგიური კრიტერიუმი არ გახდება საზომი ადმინისტრაციული თუ საზოგადოებრივი ნდობისა“, – აშშ-ს კონსტიტუცია, მე–6 მუხლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი