სურამში მეწყრის საშიშროების გამო, გუშინ, 7 თებერვალს, ღამით 40-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
„რაც მთავარია, წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, არ განვრცობილა, ისევ ისეა ეს მასა შეჩერებული. გეოლოგები ადგილზე არიან, რასაც გვეტყვიან, შესაბამის ზომებს მივიღებთ.
წუხელ მოვახდინეთ აქ მცხოვრები ხალხის ევაკუაცია, 40 ოჯახია გადაყვანილი. 10 ადამიანი სასტუმროში გადავიყვანეთ“, — ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმების ფონზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ბაღდათში სტიქიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი.
6-7 თებერვლის სტიქიის შედეგად მეწყერი და ზვავი ჩამოწვა აჭარაშიც, რასაც ასევე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა სახლები. უხვი ნალექის გამო დაიტბორა სამეგრელოსა და იმერეთის არაერთი დასახლება.