ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტი წარადგინა

8 თებერვალი, 2024 • 943
ბჟანიამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტი წარადგინა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.  ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.  

კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხო წყაროების ინტერესებიდან გამომდინარე. 

ამასთან, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციებს ასრულებს, შესაძლოა იყოს ნებისმიერი ორგანიზაცია, შექმნილი აფხაზეთის [დე ფაქტო] კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და ახორციელებს თავის საქმიანობას აღნიშნულ ტერიტორიაზე. 

არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური აგენტების ფუნქციას ასრულებენ, კანონპროექტის შესაბამისად, შესაძლოა იყვნენ: 

  • არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიერ არიან შექმნილი;
  • კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები;
  • დე ფაქტო რესპუბლიკის კანომდებლობით დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები;
  • დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
  • უცხო სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ეთნიკური აფხაზების გაერთიანებები, რუსეთ-კავკასიის და რუსეთ-თურქეთის ომების და სხვა მოვლენების შედეგად აფხაზების საცხოვრებელი ისტორიული ტერიტორიის (აბაზა) დატოვებული ლტოლვილების პირდაპირი შთამომავლები. 

ამასთან, როგორც კანონპროექტშია გაწერილი, აღნიშნული კანონის მიზნებისთვის უცხოურ წყაროდ აღიარებულია: 

  • სხვა სახელმწიფოები;
  • სახელმწიფო ორგანოები, უცხო ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები;
  • უცხო ქვეყნების მოქალაქეები;
  • მოქალაქეობის არმქონე პირები;
  • უცხოური სტრუქტურები იურიდიული პირის განთლების გარეშე;
  • პირები, რომლებიც ფინანსდებიან წყაროებიდან მითითებული 1-6 პუნქტებში, გარდა ორგანიზაციებისა აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტში; ფიზიკური პირები, მითითებული მე-3 მუხლის მეორე ნაწილში; მე-4 და მე-5 მუხლით განსაზღვრული სააქციო კომპანიები და მათი შვილობილი კომპანიები, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკრედიტო ორგანიზაციები. 

რუსეთის მსგავსად, “უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.

“შთანთქმის პოლიტიკა” – ახალი სიგნალები აფხაზებისთვის მოსკოვიდან

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

„უცხოეთის აგენტებზე“ მსგავსი რუსული კანონის მიღებას საქართველოში „ქართული ოცნებაც” გეგმავდა 2023 წლის გაზაფხულზე.

ასეთი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი