ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შთანთქმის პოლიტიკა” – ახალი სიგნალები აფხაზებისთვის მოსკოვიდან

26 აპრილი, 2022 • 3279
“შთანთქმის პოლიტიკა” – ახალი სიგნალები აფხაზებისთვის მოსკოვიდან

ავტორი: მარიანა კოტოვა


მოსკოვი აფხაზეთისგან იმ პრინციპული საკითხების გადაწყვეტას ჩქარობს, რომლებიც უკვე მრავალი  წელი აფხაზურ-რუსული მრავალრიცხოვანი შეხვედრების დღის წესრიგში დგას. მათ შორისაა უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა და უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღება.

უკრაინაში ომამდე აფხაზეთსა და რუსეთს შორის რიგი განსახორციელებელი პროექტები იხილებოდა. ეს იყო აეროპორტის რემონტი, აფხაზეთის გაზიფიკაცია, ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. აეროპორტის გარდა, სხვა რომელიმე პროექტზე უარის შესახებ ჯერ საუბარი არ არის. ის, რომ  აფხაზეთში არ იქნება აეროპორტი, ამაზე ხმამაღლა ვერავინ საუბრობს. თუმცა მოსკოვის მხრიდან რიტორიკა მაინც შეიცვალა. რუსეთის სახელმწიფო დუმის 25 მაისის სხდომამ აჩვენა, რომ მოსკოვი არც ისე უანგაროდ ეხმარება აფხაზეთს, როგორც ეს აფხაზურ საზოგადოებისთვის იყო მოწოდებული. საზოგადოებას უკვე ესმის ეს სიგნალები.

25 მაისს მოსკოვში დსთ-ს  და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც, კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშინიკოვის განცხადებით, ათწლიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები განახლდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე.

“წინ გვაქვს დიდი დაძაბული სამუშაო დელიმიტაციისთვის გრაფიკული და ტექსტური დოკუმენტების მოსამზადებლად”, – განუცხადა რუსულ გამოცემა ТАСС-ს კალაშნიკოვმა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა დელიმიტაციის საკითხებზე უკვე 2022 წლის ივლისის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ასევე, მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის “უძრავი ქონების რეგისტრაციის” საკითხი. აღნიშნული თემის ხსენებისას, მან განმარტა, რომ “მოსკოვი სოხუმს ამ საკითხის მოგვარების საჭიროებაზე მრავალი წლის განმავლობაში ესაუბრება, თუმცა, აფხაზეთში ეს საკითხი პოლიტიზირებულია და მოქმედი ხელისუფლებისთვის უხერხული და საზიანოც კი”.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსულ-აფხაზური საზღვრის გამარტივებული კვეთის თემაც, რაც კალაშნიკოვის განცხადებით, სხვა არანაკლებ და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებსაც ემბის. ეს არის ორი ქვეყნის კანონმდელობის ჰარმონიზაცია და რუსული ენის სტატუსის საკითხი. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში მიღებულ კანონზე დეპუტატების არჩევის შესახებ, რომელიც, მისი განცხადებით, რუსული ენის დისკრედიტაციას ემსახურება, რამდენადაც კანონი დეპუტატობის კანდიდატებს აფხაზური ენის ფლობას ავალდებულებს.

აღნიშნულ კანონში ცვლილებები პარლამენტის მეექვსე მოწვევის მიერ მესამე მოსმენით ჯერ კიდევ მარტში მიიღეს.

აღნიშნული ცვლილებები ინიცირებული იყო მაშინდელი პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას მიერ. მაშინ ჟურნალისტები მას უკვე ეკითხებოდნენ, ხომ არ გამოიწვევდა ეს ინიციატივა უკრაინის ომის კონტექსტში სტრატეგიული პარტნიორის კითხვებს.

მაისის ბოლომდე მოსკოვიდან ამ საკითხზე არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, დღეს, როდესაც აფხაზური მხარის თხოვნით რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკომიტეტო მოსმენაზე დააყენა ფსოუზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის გამარტივებული კვეთის საკითხი, ზემოთაღნიშნულ კანონში ცვლილებების შესახებ მოსკოვის უკმაყოფილებამ თავი იჩინა.

ეს ყველაფერი მოსკოვისთვის დაახლოებით ასე გამოიყურება: აფხაზები მოსკოვს სთხოვენ საზღვრის კვეთის გამარტივებას, და ამავე დროს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს არღვევენ, როდესაც საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას უზღუდავენ.

სხდომის დროს გაიჟღერა კიდევ ერთმა მოსაზრებამ, რომელიც აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის სხვადასხვნაირად არის ინტერპრეტირებული. მოსკოვში ამბობენ, რომ საზღვარზე კვეთის რეჟიმი ისევე უნდა გამარტივდეს, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაშია – ანუ მთლიანად გაუქმდეს გამშვები პუნქტი. თუმცა აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნება, რომ რუსეთთან საზღვარი არ გაუქმდება. საქმე იმაშია, რომ ორივე მხარე საკუთარ პუბლიკაზე მუშაობს. რუსებისთვის ამბავი ასეა მოწოდებული: აფხაზეთი, ეს პრაქტიკულად, რუსეთია, აფხაზებისთვის კი – აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა.

აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა ამბის გადმოსაცემად აფხაზეთის საგარეოსთან არსებული მრავალფუნქციური მედიაცენტრი შექიმნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამონიტორინგებს მედიასა და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას, კომენტარს და ყალბ ინფორმაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა უკანასკნელ დროს დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს მიმართულებას და ცდილობს მოიძიოს აფხაზეთის მიმართ მტრული ინფორმაცია და სტატიები. ასევე მინისტრი, ბოლო დროს, არასამთავრობობს შორის მოღალატეების ძიებით დაკავდა. შესაძლოა, ყოველივე ეს კეთდება ყურადღების გადასატანად იმისგან, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხდება.

სანამ საზოგადოება ხალხის მტრებისა და ქართველი ჯაშუშების ძიებით არის დაკავებული, ხელისუფლება რუსეთთან ჰარმონიზაციითა და ინტეგრაციით დაკავდა, თუნდაც პრინციპული პოზიციების დათმობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვისა და სახელმწიფო ენის საკითხში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოსკოვს მოსვენებას არ აძლევს, ეს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონია, რომელიც ამ დრომდე აფხაზეთის პარლამენტს არ შეუმუშავებია, თუმცა, ამის გაკეთების რეკომენდაციას რუსეთი უკვე დიდი ხნის განმავლობაში აძლევს სოხუმს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ პროცესს ყველანაირად ეწინააღმდეგებიან. წერენ წერილებს პრეზიდენტს; შექმნეს სოციალური ინფორმაციის სააგენტოც, სადაც აქვეყნებენ ამბებსა და სტატიებს აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. თუმცა, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მაგალითად, აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით, თუ პარლამენტი გადაწყვეტს ამ კანონის მიღებას – მისი გაუქმება უკვე შეუძლებელი იქნება.

საზოგადოებაში არიან ადამიანები, ვინც არ არის ლოიალური იმისა, რაც დღეს ხდება. წინააღმდეგობას უწევს ამ პროცესს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება – ფეისბუკის აფხაზურ სეგმენტში შეიძლება შეგხვდეთ იმ ადამიანების მოსაზრებებიც, რომლებსაც არ აქვთ რაიმე კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

ლაშა ზუხბა სახალხო კრების  [პარლამენტის] დეპუტატობის ყოფილი კანდიდატია. სახელმწიფო დუმის კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხების შემდეგ მან ასეთი მოსაზრება გამოაქვეყნა:

“უკრაინის პოლონეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციას რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ტელევიზორის ეკრანებიდან მშთანთქმელს უწოდებენ. ჩვენ შემთხვევაში კი რა გამოდის?” ამ მოსაზრებაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ანონიმურმა მომხმარებელმა შეძლო: “ჩვენ შემთხვევაში, ეს არის აპსნის მთლიანი შთანთქმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი