ახალი ამბები

ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის ადგილზე 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს

7 თებერვალი, 2024 •
ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის ადგილზე 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყრის ადგილზე, ჯამში, 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ერთი ადამიანის ძებნა.

მეწყერი ნერგეეთში 7 თებერვალს, დაახლოებთ 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მას შემდეგ მეწყერში მოყოლილთა ძებნა უწყვეტად გრძელდება. მეწყრის ჩამოწოლას წინ ძლიერი წვიმა უძღოდა.

დაღუპულთა და დაკარგულებს შორის არიან ერთი ოჯახის წევრები: მამა და მისი სამი შვილი, დედა-შვილი და ბავშვის ბებია, ასევე, შუახსნის ცოლ-ქმარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 თებერვალს მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი გააქტიურდა. უწყების განცხადებით, მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება).

სააგენტოს განცხადებით, მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში- 90-100 მ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს.

6-7 თებერვლის სტიქიის შედეგად მეწყერი და ზვავი ჩამოწვა აჭარაში, რასაც ასევე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა სახლები. უხვი ნალექის გამო დაიტბორა სამეგრელოსა და იმერეთის არაერთი დასახლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი