ახალი ამბები

გახარიას პარტია და “ლელო” არ ესწრებიან კობახიძის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე

7 თებერვალი, 2024 •
გახარიას პარტია და “ლელო” არ ესწრებიან კობახიძის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციის წინაშე

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენს, რომელიც სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კომიტეტების შემდეგ უკვე საპარლამენტო უმცირესობასთან – ენმ-ის ფრაქციასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან განიხილავენ.

სხდომის წამყვანი ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავაა.

ოპოზიციასთან კობახიძის მოსმენას არ ესწრებიან გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” და “ლელოს” წევრები.

როგორც გახარიას პარტიაში აცხადებენ, ისინი არ დაესწრებიან სხდომას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” უხელმძღვანელებს.

“[“საქართველოსთვის”] არ დაესწრება და მონაწილეობას არ მიიღებს კობახიძის და ნაცმოძრაობის გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სცენარში. ჩვენ ამ ორი რადიკალური ძალის მიერ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღვივებაში წვლილს არ შევიტანთ!

თქვენ მოგეხსენებათ, ოცნებამ ნაც. მოძრაობას და საკუთარ თავს, მისცა საჩუქარი იმით, რომ აკრძალა პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა მთავრობის წევრობის კანდიდატებთან.

ამის მთავარ მიზანს, სწორედ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობით, აი, ამ – დღევანდელი სხდომის ჩატარება წარმოადგენდა.

ასე წარმართული სხდომა,  არის საჩუქარი კობახიძისთვისაც და ნაცებისთვისაც – რომლებიც ერთად ეცდებიან ეს სხდომა არა ხალხის პრობლემებზე საუბრისთვის გამოიყენონ, არამედ საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გააღრმაონ”, – აცხადებენ გახარიას პარტიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი