ახალი ამბები

ზურაბიშვილი და კალაძე სამძიმარს უცხადებენ ბაღდათში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს

7 თებერვალი, 2024 • 641
ზურაბიშვილი და კალაძე სამძიმარს უცხადებენ ბაღდათში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამძიმარს უცხადებენ ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში გარდაცვლილთა ოჯახებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – დაწერა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმა.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა სამძიმრით დაიწყო. მან გაიხსენა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელი.

“მინდა გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მაწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ასევე, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა მსხვერპლი. შსს-ს თანამშრომელი, თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაუცვალა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.


გუშინ, 6 თებერვალს ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 4 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ეძებენ კიდევ 5 ადამიანს. ადგილობრივთა ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილთა შორის 3 არასრულწლოვანია.

მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას აჭარაშიც. შსს-ს თანამშრომლის, თემურ ბარამიძის სახლი მეწყერმა წაიღო. 

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი