ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გათავისუფლდით ილუზიებისგან” – ცხინვალი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება

6 თებერვალი, 2024 • 8507
“გათავისუფლდით ილუზიებისგან” – ცხინვალი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის “მშვიდობიან მოგვარებასა” და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის პერსპექტივაზე და ქართულ მხარეს მოუწოდებს, დააღწიოს თავი ილუზიებს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ახსარ ჯივოევმა გააკეთა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი “დაბრუნების შესახებ გამიზნულია შიდა აუდიტორიაზე. ადრეც კეთდებოდა მსგავსი განცხადებები სხვადასხვა დონეზე. ცხადია, რომ ეს განცხადებები არ არის აქტუალური ჩვენთვის. ოსეთის მოსახლეობას არაერთხელ გამოუცდია სამხრეთელი მეზობლის “მშვიდობიანობა” (იგულისხმება საქართველო), მშვენივრად ესმით მსგავსი სიტყვების მნიშვნელობა და ფასი. მოგიწოდებთ, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და მიიღოთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ განვითარდა”, – განაცხადა ჯიოევმა.

მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავის პროგრამაში განაცხადა, რომ ქართული ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მშვიდობიან მოგვარებას გეგმავს, რათა კობახიძის მმართველობით, მისი დანიშვნის შემთხვევაში, მიაღწიოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანას.

1 თებერვალს გამართულ “ქართული ოცნების” მერვე ყრილობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია არის “ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო”:

“ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად. ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს”, – განაცხადა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა პარტიის ყრილობაზე.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ახალ სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ:

“ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს უპირველეს მიზნად რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.

აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს, ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი