ახალი ამბები

„ძალიან მიყვარს იარაღი“ — ვახტანგ გომელაური სასროლეთის პრობლემაზე

5 თებერვალი, 2024 • 1695
„ძალიან მიყვარს იარაღი“ — ვახტანგ გომელაური სასროლეთის პრობლემაზე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ძალიან უყვარს სროლა და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მასაც ექნება სასროლეთში სიარულის სურვილი.

სასროლეთთან დაკავშირებულ პრობლემაზე გომელაურს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა.

„იარაღის შესახებ კანონზე არცთუ ცუდად ვიმუშავეთ, საკმაოდ წინ წავედით, მაგრამ დარჩა რამდენიმე საკითხი სასროლეთთან დაკავშირებით, ბალისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები. იარაღის მფლობელებს აწუხებთ ეს ამბავი. მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა მინისტრის მოადგილესთან, რომ სანამ არ ჩამოვყალიბდებით, არ შეაწუხებენ დაუსახლებელ პუნქტებში მსროლელებს, პოლიციელები მაინც მიდიან და ხალხურად ჩამოყალიბებულ სასროლეთებზე უმოწმებენ იარაღს. ცოტა უცნაურია“, — განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შემოწმება პოლიციის საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ბევრისთვის დისკომფორტს იწვევდეს.

„მესმის, ეს გამოწვევა რაც არის. მეც ძალიან მიყვარს იარაღი, მეც როდესაც წავალ აქედან, მეც მომინდება სროლა. მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ თავისუფალ, უსაფრთხო ადგილებში შეძლონ იარაღის გამოყენება, ვისაც აქვს ამის უფლება. მე ვერ ვეტყვი პოლიციელებს, არ გადაამოწმონ ვიღაც, ვინც თუნდაც ტყეში, უსაფრთხო ადგილას ისვრის. შეიძლება იმ ადამიანს უკანონოდ ჰქონდეს იარაღი. დაჯარიმებით, მე მგონი, არავინ დაგვიჯარიმებია“, — განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი