ლონდონში დააკავეს რუსეთის ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი, იტყობინება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური.
მედიის ცნობით, ოვსიანიკოვი, რომელიც სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი 2016-19 წლებში იყო, შემდეგ კი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ეჭვმიტანილია Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნასა და ანგარიშზე თანხის შეტანაში. ეს სამართალდარღვევად ითვლება, ვინაიდან ოვსიანიკოვი ბრიტანეთს 2020 წლიდან ჰყავს სანქცირებული. შესაბამისად, მას ბრიტანეთში ფინანსური საქმიანობა ეკრძალება. თუმცა სანქციები არ ითვალისწინებდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.
ოვსიანიკოვი 22 იანვარს დააკავა დანაშაულთან ბრძოლის სააგენტომ. არსებული ცნობებით, ყოფილ რუს მაღალჩინოსანს თან ნაღდი ფულიც ჰქონდა, 77 517 ფუნტის ოდენობით. სასამართლოს წინაშე იგი 20 თებერვალს უნდა წარდგეს.
ოვსიანიკოვი 2022 წელს ევროკავშირის სანქციების სიაშიც მოხვდა, თუმცა სასამართლოში იჩივლა და იქიდან ამოიღეს. ოვსიანიკოვმა რუსეთის ხელისუფლება 2020 წლის აპრილში დატოვა. იჟევსკის აეროპორტში ხმამაღლა გინების შემდეგ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთიდანაც“ გარიცხეს.