ახალი ამბები

კალაძე: „მეც რომ მომიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამანქანო მოძრაობა თვის ბოლომდე უნდა აღდგეს“

17 იანვარი, 2024 •
კალაძე: „მეც რომ მომიწიოს მუშაობა, წერეთელზე სამანქანო მოძრაობა თვის ბოლომდე უნდა აღდგეს“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის დაპირებისამებრ, წერეთლის გამზირზე ორმხრივი სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს მაინც გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ახლახან გაწყვიტა თანამშრომლობა გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კომპანიასთან, რომლებმაც, უწყების განცხადებით, ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები.

როგორც კალაძე ამბობს, მან, როგორც მერმა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს თბილისელების წინაშე, რამდენჯერმე მიიღო გადაწყვეტილება ამ კომპანიებისთვის მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევაზე, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა.

კალაძის თქმითვე, ახლა მიმდინარეობს ამ კომპანიების ნაცვლად სხვა კონტრაქტორის ძებნა. მერი აგრეთვე ირწმუნება, რომ გამზირზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება. თუმცა, როდის დასრულდება გამზირის სრული რეაბილიტაცია, ტროტუარების ჩათვლით, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შესრულდება“, – ამბობს მერი.


თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ  17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც 15 იანვრით თარიღდება, ნათქვამია, რომ სამუშაოების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

წერილში მერია აცხადებს, რომ ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და დაფიქსირებული იქნა ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც.

კერძოდ, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არწარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ.

„დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/: 400118047) დადებული ხელშეკრულებები (ხელშეკრულებები: N01.01.01/30/84, N01.01.01/30/85 და N01.01.01/30/86)“, — ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომლითაც მერია შესყიდვის საჭიროებას ადასტურებს.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან შეფერხებით სრულდებოდა სამუშაოები ობიექტზე, რაც დასტურდება სამუშაოების დროს განხორციელებული ინსპექტირებებით და გატარებული სანქციებით:

„გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და საავტომობილო მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებულ სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო მათ გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას.

გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში და დასრულდეს ოპტიმალურ ვადაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების ზომები ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილებით მოსარგებლე პირებისთვის, ამასთან, არ გახდეს საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსები მექანიკური დაზიანებებით მიღებული დეფექტების გამოსწორებაზე“, — აცხადებენ მერიაში.

გამარტივებული შესყიდვის განაცხადს თან ახლავს თბილისის მერის კახა კალაძის ბრძანება და იმ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შეწყვეტის წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიებს, რომლებთანაც მერიამ კონტრაქტი გაწყვიტა, მერიის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთმევათ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი