ახალი ამბები

აღსრულების ბიურო „ალტ-ინფოს“ პარტიისგან 232 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

31 იანვარი, 2024 • 1044
აღსრულების ბიურო „ალტ-ინფოს“ პარტიისგან 232 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ პარტიას, „კონსერვატიულ მოძრაობას“ 232 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

როგორც „ალტ-ინფოს“ გამოქვეყნებულ, 25 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ:

  • „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ უნდა გადაიხადოს 232 705 ლარი და 74 თეთრი [აქედან 15 223,74 ლარი – აღსრულების საფასური];
  • გადახდის ნებაყოფლობითი განხორციელებისთვის პარტიას შვიდდღიანი ვადა აქვს, 2024 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქმე გვაქვს იძულებით აღსრულებასთან.

თავად „ალტ-ინფოში“ მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის არჩევნებამდე მათი განადგურება სურს. პარტიის განცხადებითვე, ჯარიმა, რომლის გადახდასაც მათ სთხოვენ, უსამართლოდაა დაკისრებული.

2022-ის ივნისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ „კონსერვატიული მოძრაობა“ 217 482 ლარით დააჯარიმა. აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:

  • „პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში, კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება იმის შესახებ, თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა, როგორც გახსოვთ, ოფისების დიდი ნაწილი მათ სწორედ დეკემბერში გახსნეს.
  • შემოწირულებების დამალვა – საუბარია არაფულადი შემოწირულების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე, პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა (ანუ ჯერ ოფისი გახსნეს და ხელშეკრულება მოგვიანებით გააფორმეს). ჯამში, დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია”, – ამბობდნენ მაშინ უწყებაში.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებით, პარტიას ეკისრება დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა. ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია მაშინ ამბობდა:

„ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუქნციონირება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც, მაგრამ თუ ბოლო-ბოლო მაინც მიიღებენ ამის გადახდის ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩილებით კანონს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი