ახალი ამბები

UK მზადაა, განიხილოს პალესტინის აღიარების საკითხი, მათ შორის, გაეროში – კემერონი

31 იანვარი, 2024 • 1067
UK მზადაა, განიხილოს პალესტინის აღიარების საკითხი, მათ შორის, გაეროში – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი აცხადებს, რომ მზადაა მოკავშირეებთან ერთად განიხილოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი. ინფორმაციას ამის  შესახებ BBC ავრცელებს.

კემერონის თქმით, პალესტინელებმა უნდა დაინახონ “პოლიტიკური ჰორიზონტი”, რათა მხარი დაუჭირონ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში. კემერონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს რეგიონში ორი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას. ის ამბობს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არის ერთ-ერთი, რაც ამ პროცესს შეუქცევადს გახდის.

გარდა ამისა, კემერონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია განიხილოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი არა მხარეებს შორის შეთანხმების შემდეგ, არამედ მოლაპარაკებების პროცესშიც. მისი თქმით, მოლაპარაკება იქნება რთული, მაგრამ არა შეუძლებელი.

“არსებობს გზა, რომ ჩვენ ნამდვილად დავინახოთ პროგრესი არა მხოლოდ კონფლიქტის დასასრულებლად, არამედ პროგრესი საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტაში, რაც გულისხმობს მშვიდობას წლების და არა მხოლოდ თვეების განმავლობაში”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დეივიდ კემერონმა ისაუბრა ისრაელის შესახებაც. მისი შეფასებით, ბოლო 30 წელი ისრაელისთვის იყო მარცხი.

“ეს არის ისრაელის წარუმატებლობის ისტორია, რადგან, დიახ, მათ ჰქონდათ მზარდი ეკონომიკა; დიახ, მათ აამაღლეს ცხოვრების დონე; დიახ, ჩადეს ინვესტიციები თავდაცვაში, უსაფრთხოებასა და კედლების აშენებაში, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს იმას, რაც ყველაზე მეტად უნდა ქვეყნას, რაც უნდა ყველა ოჯახს, ეს არის უსაფრთხოება. ასე რომ, ეს 30 წელი იყო მარცხი”, – ამბობს დეივიდ კემერონი.

ის ისრაელს მოუწოდებს, მეტი ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას ღაზაში.

პალესტინა ამ ეტაპზე ნაწულობრივ აღიარებული სახელმწიფოა. 2012 წლიდან მას გაეროს “არაწევრი ქვეყნის” სტატუსი აქვს. პალესტინისთვის ამ სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი