ახალი ამბები

ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს – NGO-ები

30 იანვარი, 2024 • 932
ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ევროკომისიის 9 დათქმა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა შესრულდეს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით 29 იანვარს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას. აღნიშნულ შეხვედრას მმართველი პარტიის, ოპოზიციურ პარტიების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საფარი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ღია სივრცე კავკასია
  • უფლებები საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი