ახალი ამბები

3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმას

28 იანვარი, 2024 • 969
3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმას

3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) თავდასხმის შედეგად.

ეს არის ამერიკელი ჯარისკაცების თავდასხმის შედეგად დაღუპვის პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს, რასაც ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.

როგორც BBC იტყობინება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს 7 ოქტომბრის შემდეგ თავს, სულ მცირე, 150-ჯერ მაინც დაესხნენ, თუმცა თავდასხმის მოგერიება უმსხვერპლოდ ხერხდებოდა.

ბაზა, რომელზე თავდასხმასაც მსხვერპლი მოჰყვა, იორდანია-სირიის საზღვართა ახლოს მდებარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ „დღეს ამერიკის გული დამძიმებულია“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდასხმაში სირიაში მოქმედი, ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები დაადანაშაულა. ჯერჯერობით უცნობია, რა პასუხს გასცემს აშშ ჯარისკაცთა მკვლელობას იმის ფონზე, როცა „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების მცირე კერები გაჩნდა, მათ შორის, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, ასევე იემენსა და წითელ ზღვაში, სირიასა და ერაყში, სადაც აშშ-მ წერტილოვანი საჰაერო იერიშები მიიტანა სამხედრო სამიზნეებზე.

2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე წლის 11 იანვარსაც. ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სპეცოპერაციის დროს დააკავეს იემენში მიმავალი გემი, რომელსაც ჰუთებისთვის ირანული წარმოების იარაღი მიჰქონდა. როგორც BBC წერს, ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაციისას წყალმა გაიტაცა, მეორემ კი მისი გადარჩენა სცადა. ინციდენტის შედეგად ორივე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი