ახალი ამბები

საია საგარეოს მიმართავს, რუსეთისგან დაზარალებულების უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებები გამოიყენოს

26 იანვარი, 2024 • 710
საია საგარეოს მიმართავს, რუსეთისგან დაზარალებულების უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებები გამოიყენოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო ღონისძიებების გამოყენების თაობაზე.

საიას განცხადებით, საგანგაშოა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განგრძობადად, დღესაც, ადგილი აქვს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, უკანონო დაკავებების, თავდასხმის, წამების, მკვლელობისა და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რისი ტრაგიკული მაგალითებიც მათ შორის არის დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის მკვლელობები.

როგორც საია აცხადებს, ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამართლის დროულ აღსრულებას, აგრესორი სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დროულ დაკისრებასა და საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა დროულ გამოვლენას.

„2023 წლის 28 აპრილს ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან სახელმწიფოთაშორის დავაზე 2021 წლის 21 იანვარს მიიღო. ინდივიდუალური საჩივრების განხილვა კი სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება. ასევე, ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 20 აპრილს საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (no. 39611/18) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დღევანდელი მდგომარეობით გარიცხულია ევროპის საბჭოდან. ამასთან, მისი გაცხადებული პოლიტიკაა, არ აღასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის არ გადაიხადოს დაკისრებული საკომპენსაციო თანხა“, – აცხადებს საია.

საია მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი, ამ მიმართულებით კი საერთაშორისო დონეზე უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სხვა უწყებებთან, მათ შორი, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად.

„2022 წლის მარტში ეს საკითხი საიამ უკვე დააყენა ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების სამართალწარმოების ფარგლებში.

საერთაშორისო საზოგადოების ნების ფორმირებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მანდატის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა ხსენებული საკითხი დადგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და დაცული იყოს დაზარალებული მოსახლეობის უფლებები“, – აცხადებს საია.

საიას განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი არის ერთადერთი გამოსავალი არსებულ რეალობაში რუსეთის ფედერაციისათვის II სახელმწიფოთაშორის დავაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილს დაკისრებული საკომპენსაციო თანხის მიღების უზრუნველსაყოფად.

ორგანიზაციის განცხადებით, ფონდმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და მის საზღვრებს გარეთ არსებული მატერიალური აქტივების აკუმულირება და იმ ადამიანებისათვის გადაცემა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის მიერ დაერღვათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

„ზემოხსენებული ფონდის ჩამოყალიბება, ასევე, ხელს შეუწყობს იმ ინდივიდუალურ საჩივრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას, რომლებშიც დადგინდა საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. ასეთი გადაწყვეტილების ნათელ მაგალითს წარმოადგენს ევროპული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას შეეხება და რომლის ფარგლებშიც კომპენსაციის გადახდა დაევალა რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებს საია.

საიამ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები და განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები.

საიას განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს II სახელმწიფოთაშორის დავაზე და 2008 წლისა და შემდგომ პერიოდში რუსეთის პასუხისმგებლობის დამდგენ საქმეებზე მიღებული/მისაღები გადაწყვეტილებების აღსრულებას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის თაობაზე თანმიმდევრული და ეფექტიანი საგარეო ადვოკატირების წარმოებით.


საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისა და განგრძობადი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საია, ასევე, აქტიურად იღებდა და იღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის საქმიანობაში, რომლის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დამკვიდრების ხელშეწყობა და ამგვარი დანაშაულებების შედეგად დაზარალებულთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი