ახალი ამბები

ოდიშარიას განცხადებით, „ოცნება“ გამოსახლების საკითხზე იმსჯელებს

24 იანვარი, 2024 • 990
ოდიშარიას განცხადებით, „ოცნება“ გამოსახლების საკითხზე იმსჯელებს

„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში იმსჯელებენ.

აქტივისტები პარლამენტს ჩანიშნულ გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მიმართავენ. გარდა ამისა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში და ზოგადად მიმდინარე ზამთრის პერიოდში დაგეგმილი გამოსახლებები საცხოვრებელი სივრცეებიდან.

თუმცა, ბექა ოდიშარიას თქმით, მსგავსი NGO-ები ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ და მათი აზრი არ აინტერესებს.

„ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი. რეფორმირდა ეს პროცესი და უფრო ჰუმანური გახდა. თუმცა, იმ პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის […] რაც საჭიროა. რა თქმა უნდა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობასა და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებით[…]

ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის NGO-ები, რომლებიც ყოველთვის პედალირებენ და აქსელერაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს… ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვიმსჯელებთ საკითხზე“, – განაცხადა ოდიშარიამ.


აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი