ახალი ამბები

„მორატორიუმი ყველა გამოსახლებას“ — კეკელიძეზე აქციის მონაწილეებმა მიმართვა წაიკითხეს

23 იანვარი, 2024 • 829
„მორატორიუმი ყველა გამოსახლებას“ — კეკელიძეზე აქციის მონაწილეებმა მიმართვა წაიკითხეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერთან მიმდინარე აქციაზე, საიდანაც დღეს, 23 იანვარს აღსრულების პოლიციამ მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, აქტივისტებმა მიმართვა წაიკითხეს.

მიმართვა აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა წაიკითხა და პარლამენტს ჩანიშნულ გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა:

„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და ვითხოვთ სასწრაფო და დაუყოვნებლივ მორატორიუმს ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე. ამ მოთხოვნის შესრულებას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ეს შესაძლებელია პარლამენტის ერთი აქტით და პარლამენტი ვალდებულია ეს აქტი მიიღოს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ ხვალინდელ გამოსახლებაზეც, 26 -ის გამოსახლებაზეც და კიდევ უფრო მძაფრად უნდა დავაყენოთ ამ გამოსახლებების შემდეგაც მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება ისინი, რადგან ხალხი თუ ამ სიმახინჯეს დავუშვებთ, მაშინ დავუშვებთ ყველაფერს“ ,— აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს დღევანდელი გამოსახლებისას ყველა დაკავებულის უპირობო გათავისუფლება, მხარდამჭერებს კი მოუწოდეს, ხვალ ცოტნე დადიანის 259 ნომერში მივიდნენ დილის 9:00 საათიდან, რათა ხელი შეუშალონ მაია კიკალიშვილის ოჯახის გამოსახლებას:

„დღეს კეკელიძეზე ჩვენ ვიხილეთ მარინა ხატიაშვილის გამოსახლებისგან დასაცავად შეკრებილი ხალხის ჯოჯოხეთური დარბევა. მათ შორის ახალგაზრდების, მოხუცებისა და გოგოების მიწაზე თრევა, მათი უკანონო დაკავებები. დაკავებულია 20 ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხვალ იმავეს უპირებენ ნახალოვკაში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში მაია კიკალიშვილის ოჯახს, 2008 წლის ომის ვეტერან ქალს ორ მოზარდ შვილთან ერთად. რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს და უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ხვალ შესაძლოა იმავე დარღვევის მსხვერპლი გახდნენ ბავშვები, ქალბატონი მაიას შვილების კლასელები და სკოლელები, რომლებიც იქ იდგებიან ბოლო თავშესაფრიდან, სახლის მიშენებიდან კლასელის გაგდებისგან დასაცავად და იქ უნდა ვიდგეთ ჩვენც.

უნდა გვახსოვდეს, რომ იმავეს უპირებენ მაზეგ ბალახაძეების მშრომელი კურიერების ოჯახს ზანდუკელის 2-ში. ოჯახში, სადაც ორსული ქალი და შშმ პირი ბინადრობს. ეს გარემოებები გვავალდებულებს, რომ ვიდგეთ მათ გვერდით უკანონო გამოსახლების წინააღმდეგ. ვიდგეთ იქ, სადაც გული და მორალი გვკარნახობს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სამი ოჯახის გარდა საქართველოს მასშტაბით გამოსახლების რიგშია 1300 ოჯახი და მთელი საზოგადოება ვალდებული ვართ იქამდე დავასრულოთ ეს ჯოჯოხეთი, ვიდრე დამრბევი რაზმები მათ კარებსაც შეანგრევენ“, — ამბობს ბექა წიქარიშვილი.


აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი